სომხეთი

ეგზიტპოლით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

AP

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულებულია. ეგზიტპოლის შედეგებით, პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის რესპუბლიკური პარტია 46%-ით ლიდერობს. ოპოზიციურ ბლოკს ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის ხელმძღვანელობით კი 25% აქვს.

ეგზიტპოლი სომხეთის სოციოლოგების ასოციაციამ და Gallup-მა ერთობლივად ჩაატარეს.

ოპოზიციურ ბლოკ იელკს 10% აქვს, როდესაც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ დაშნაკცუტიუნს 5%, რაც მინიმალური ზღვარია პარლამენტში შესასვლელად.

სომხური მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დაშნაკცუტიუნი და მმართველი პარტია რესპუბლიკელები, რომლებიც ამ მოწვევის პარლამენტში კოალიციის სახით არიან წარმოდგენილი, მომავალ პარლამენტშიც კოალიციას შექმნიან.

ეს პირველი საპარლამენტო არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა ქვეყნის მმართველობის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამჟამად სომხეთში უნიტარული, ნახევრად საპრეზიდენტო წყობილებაა.

ანალიტიკოსები საკონსტიტუციო ცვლილებებს ხედავენ, როგორც სარგსიანის ძალისხმევას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. მას საპრეზიდენტო ვადა 2018 წელს ეწურება. თუ მისი პარტია პარლამენტში უმრავლესობით შევა, სავარაუდოდ, სწორედ მას აირჩევენ პრემიერმინისტრად. 62 წლის სარგსიანი კი, რომელიც ქვეყანას 2008 წლიდან მართავს, ბრალდებებს უარყოფს და საკონსტიტუციო ცვლილებებს დემოკრატიის გაძლიერების სურვილით ხსნის. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები ძალაში სწორედ მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებისას შევა.

ევროკავშირმა სომხეთს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა შესთავაზა არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩასატარებლად. ამ კვირის დასაწყისში გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირის მისიამ სომხეთში შეშფოთება გამოხატა "ამომრჩეველთა დაშინებისა და ხმების ყიდვის მცდელობებზე ბრალდებებთან დაკავშირებით, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო".

აღსანიშნავია, რომ სომხეთმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და, მის ნაცვლად, 2015 წელს ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანდა, რომელშიც, მის გარდა, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი შედიან.

კომენტარები