თავდასხმა

ხუციშვილი: ხვედელიძე ცეცხლსასროლი იარაღით არ დაუჭრიათ

ტაბულა

გელა ხვედელიძე ცეცხლსასროლი იარაღით არ დაუჭრიათ, - ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი. ხუციშვილი თავდასხმის მოტივებზე არ საუბრობს.

"ხვედელიძესთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ პირველი, რომ 117-ე მუხლით არის დაწყებული გამოძიება და ძალიან სწრაფად მოხდა რეაგირება ამ საკითხზე. პირველადი მონაცემები რაც გვაქვს, არის, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. დანარჩენს გვეტყვის გამოძიება, რომელიც ინტენსიურად არის დაწყებული".

კითხვაზე, იყო თუ არა ხვედელიძეზე თავდასხმა შურისძიებით მოტივირებული, ხუციშვილი ამბობს, რომ "ჯერჯერობით, სანამ გამოძიების შედეგები არ იქნება, რაიმე მოტივზე საუბარი ნაადრევია. ერთადერთი, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს და გამოძიება დაწყებულია 117-ე მუხლით. ეს მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას", - ამბობს ხუციშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ, შემთხვევა თარხნიშვილის ქუჩაზე, ხვედელიძის სახლთან მოხდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე 2013 წლის 12 მაისს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ, მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მოგვიანებით, გელა ხვედელიძეს ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების გამო, სასამართლომ ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის წევრები, მათ შორის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი მოადგილის დასჯა სამაგალითო და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ძალიან კარგი პრეცედენტია.

კომენტარები