თავდასხმა გელა ხვედელიძეზე

ხვედელიძის ცოლი: როგორც ჩანს, ელოდებოდა ორი ნიღბიანი, ფეხებით, წიხლებით ურტყამდნენ

რუსთავი 2

შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის ცოლის მარეხი ფერაძის თქმით, მის ქმარს ნიღბიანი პირები "ფეხებით, წიხლებით ურტყამდნენ". ამის შესახებ ფერაძემ კლინიკაში თქვა, სადაც გელა ხვედელიძე დაზიანებებით გადაიყვანეს.

"სახლიდან გამოვედით და, როგორც ჩანს, ელოდებოდა ორი ნიღბიანი. მეუღლე საუბრობდა ტელეფონზე და უცებ დაესხა ეს ორი ნიღბიანი თავს. არავითარი, არანაირი მუქარა, არ ვიცი, გაოგნებული ვარ. სახლთან მოხდა, ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო, საერთოდ არაფერი არ უთქვამთ... სამი წუთით ადრე გამოვიდა და მეც ჩამოვედი. კარი დავკეტე, ჩამოვედი და უცებ დაესხნენ თავს. შევესწარი და ვცდილობდი, რომ ეს ნიღაბი ჩამომეხსნა ამ ბიჭისთვის, მაგრამ ვერ ვქენი, უცებ გაიქცნენ", - ამბობს ფერაძე რუსთავი ორთან საუბარში.

კითხვაზე, "რამე მძიმე იარაღით გაუსწორდნენ?" ხვედელიძის ცოლი პასუხობს, რომ - "არა, ფეხებით, წიხლებით ურტყამდნენ".

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ, შემთხვევა თარხნიშვილის ქუჩაზე, ხვედელიძის სახლთან მოხდა. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე 2013 წლის 12 მაისს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ, მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მოგვიანებით, გელა ხვედელიძეს ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების გამო, სასამართლომ ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის წევრები, მათ შორის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი მოადგილის დასჯა სამაგალითო და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ძალიან კარგი პრეცედენტია.

კომენტარები