ვიზალიბერალიზაცია

საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა ხდება

საქართველოს მთავრობა

საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა ხდება. საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის "ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ევროპოლთან გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ უფრო ზრდის საქართველოს პასუხისმგებლობას. მანვე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული დოკუმენტი გახდება მნიშვნელოვანი ბერკეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შეთანხმებაზე ხელმოწერა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება. ის საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისთვის წარედგინება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ექნება შესაძლებლობა, ითანამშრომლოს ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებით, უსაფრთხო არხის მეშვეობით გაცვალოს ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი საპოლიციო და ოპერატიული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები, მონაწილეობა მიიღოს ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში.

საქართველოს პოლიცია ევროპოლთან, მათ შორის, ითანამშრომლებს საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონაში ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში.

კომენტარები