მოწევის აკრძალვა

ზოიძე: რაც უფრო ჩქარა გაკოტრდება თამბაქოს ბიზნესი მსოფლიოში, მით უკეთესი იქნება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და დაწესებულებებში მოწევა სრულად აიკრძალება. მისი განცხადებით, რაც უფრო სწრაფად გაკოტრდება თამბაქოს ბიზნესი მსოფლიოში, მით უკეთესი იქნება. "თამბაქოს კონტროლის" კანონპროექტით, მოწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საცხოვრებებელ სახლებში, საპატიმრო დაწესებულებებში და აეროპორტის სატრანზიტო ტერმინალში.

"ერთი წლის განმავლობაში, გარდამავალი დებულების სახით, რესტორნებსა და კაფეებში შესაძლებელი იქნება მწეველებისთვის ცალკე ადგილების გამოყოფა, ოღონდ არაუმეტეს 20 %-ისა. მაგრამ, ერთი წლის თავზე უკვე აიკრძალება სრულად. გარდამავალი პერიოდი საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანები მიეჩვიონ ახალ წესს. მოწევა აიკრძალება ნებისმიერი თავშეყრის ადგილებში და საზოგადოებრივ დაწესებულებებში. ეს არ ეხება კერძო საცხოვრებელ სახლებს და პენიტენციურ დაწესებულებებს. ასევე დასაშვები იქნება აეროპორტის სატრანზიტო ტერმინალში" - ამბობს აკაკი ზოიძე და აღნიშნავს, რომ მწეველების რიცხვის შემცირებას მხოლოდ 1% და 2 %-ით ელიან.

"1% და 2%-ით დაკლება ტრილიონობით შემოსავლიანი ინდუსტრიისთვის არაფერია. პირიქით, აქციზის ზრდასთან ერთად, ისინი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან. მე, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიმაჩნია, რომ რაც ჩქარა გაკოტრდება თამბაქოს ბიზნესი მსოფლიოში, მით უკეთესი იქნება" - თქვა ზოიძემ აიპრესის ცნობით.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებითვე, თამბაქოს მოხმარება შენობებში 2018 წლის მაისიდან აიკრძალება, ხოლო 2020 წლიდან - აკრძალვა სტადიონებს, მსგავს ღია სივრცეებსა და სარეკლამო ბაზარსაც შეეხება. შენობაში თამბაქოს მოხმარების ფაქტის დაფიქსირებისას, იურიდიული პირი თავდაპირველად, 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 2 000, ხოლო სისტემატური მოხმარებისას - 5 000 ლარით დაჯარიმდება.

თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების პაკეტს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. კანონპროექტით, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით გამოფენა), პოპულარიზაცია და სპონსორობა. სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები