ქალთა უფლებები

ბარამიძე: სქესის შეცვლისას, ადამიანს უნდა მიენიჭოს ის სქესი, რომლის სურვილიც აქვს

0 კომენტარი
ფოტო: justice.gov.ge

"ბუნებრივია, უნდა ჩამოვყალიბდეთ - როცა ადამიანი სქესს იცვლის, მას უნდა მიენიჭოს ის სქესი, რომლის სურვილიც ჰქონდა, რომ ჰქონოდა" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

ბარამიძემ პარლამენტის სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარდგენილი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სტამბულის კონვენციის და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვისას აღნიშნა, რომ "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონს დაერქმევა "ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ". ბარამიძემ განმარტა, რომ ამ რედაქციით, "ქალი გულისხმობს მდედრობითი სქესის ნებისმიერი ასაკის პირს, მათ შორის, არასრულწლოვან გოგონასაც".

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარემ გიორგი ლომაიამ ალექსანდრე ბარამიძეს ჰკითხა: "ყველგან ცვლით და ამატებთ "ქალის მიმართ" ძალადობას. ტრანსგენდერი, დღეს ძალიან მოდურია ეს სიტყვა, ჩაითვლება ქალად?“

ბარამიძემ კი უპასუხა, რომ ეს ცალკე კანონმდებლობის თემაა.

"ვშიშობ, რომ ჩვენი კანონმდებლობა მთლად ცალსახა ამასთან დაკავშირებით არ არის. ეს კონკრეტული ცვლილებების თემა არ არის. ბუნებრივია, უნდა ჩამოვყალიბდეთ, როცა სქესს იცვლის ადამიანი, მაშასადამე, მას უნდა მიენიჭოს ის სქესი, რომლის სურვილიც ჰქონდა, რომ ჰქონოდა. ოღონდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს სხვა კანონმდებლობის თემაა", - თქვა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები