გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი ოჯახის წევრებისთვის დაცვის მოხსნას მოითხოვს

ნეტგაზეთი

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი ოჯახისთვის დაცვის მოხსნას მოითხოვს. ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, მამა გიორგის სურს, რომ სასამართლო სხდომები ღია იყოს, თუმცა, იმის საფუძველზე, რომ დეკანოზის ოჯახს დაცვა ჰყავს, შესაძლოა, მოსამართლემ სხდომა დახუროს.

”ხუთშაბათს შევიტანთ პროკურატურაში განცხადებას, რომ მისი ოჯახის წევრებს მოეხსნათ დაცვა. როდესაც წინასასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობა იხილებოდა, ერთ-ერთი საფუძველი, რომ სასამართლო პროცესი ყოფილიყო დახურული და არა საჯარო, იყო ის, რომ მამა გიორგის ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა დაცვის ღონისძიება. ამავდროულად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ამ ერთ პირობას, რა დროსაც მოსამართლეს შეუძლია საჯარო სხდომის მაგივრად, სხდომა დახურულად გამოაცხადოს. მამა გიორგის არ უნდა, რომ სხდომა იყოს დახურული, მას უნდა, რომ სხდომა თავიდან ბოლომდე იყოს საჯარო. ის უკვე დარწმუნებულია, რომ ამ მიზეზით პროკურატურა დააყენებს შუამდგომლობას, რომ სხდომა დაიხუროს”, - განაცხადა რამიშვილმა. 

მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. მას პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობას და ამ მიზნით ციანიდის შეძენას ედავებიან. ამასთან, დაკავებიდან რამდენიმე კვირა მამა გიორგი დუმილის უფლებას იყენებდა. დეკანოზმა ჩვენება მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მის ოჯახს დაცვა დაუნიშნეს.

კომენტარები