კულტურული მემკვიდრეობა

ტრადიციული რეწვის ინიციატივამ საქართველოში ევროპა ნოსტრას ჯილდო მიიღო

http://www.europeanheritageawards.eu/

"ტრადიციული რეწვის ინიციატივამ საქართველოში“ 2017 წლის ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი პრიზი - ევროპა ნოსტრას ჯილდო მიიღო.

ევროპა ნოსტრამ 39 ქვეყნის 202 მონაწილეს შორის 18 ევროპული ქვეყნის 29 გამარჯვებული გამოავლინა. კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ევროპული ჯილდო - ევროპა ნოსტრა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოში ტრადიციული რეწვის კვლევის, დაცვის, განვითარებისა და სფეროს სოციალური ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფისთვის მოიპოვა - ნომინაციაში „ფორმალური და არაფორმალური განათლება - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა ევროკავშირის დაფინანსებით გასული 5 წლის განმავლობაში ჩაატარა ტრადიციული რეწვის დარგის სოციალურ-ეკონომიკური კვლევა, შეიმუშავა სფეროს განვითარების რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა; საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით ჩაატარა რამდენიმე ასეული ტრენინგი და მასტერკლასი 300-ზე მეტი ოსტატისთვის. გარდა ამისა, თბილისსა და საქართველოს 22 რეგიონში აამოქმედა და გახსნა ხელნაკეთი ნივთების 22 სახელოსნო.

ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2017 წლის გამარაჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 15 მაისს ფინეთის ქალაქ ტურკუს წმ. მიქაელის ეკლესიაში და მას წარუძღვებიან ევროკომისარი ტიბორ ნავრაჩიჩი და მაესტრო პლასიდო დომინგო. 

კომენტარები