ე.წ. მოსმენების კანონი

მარგველაშვილი: საბჭოთა მენტალიტეტია, როდესაც ადამიანს სახელმწიფოს უპირისპირებ

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების ახალ კანონს გამოეხმაურა. მისი თქმით, ადამიანისა სახელმწიფოსთან დაპირისპირება "საბჭოთა მენტალიტეტია".

"ერთი მხრივ, არის ადამიანის უფლებები, თურმე, და, მეორე მხრივ, არის სახელმწიფოს უფლებები და ინტერესები. ეს ორი რამ, თურმე, წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და ჩვენმა განსწავლულმა იურისტებმა და დეპუტატებმა რაიმენაირად საშუალო უნდა დაიჭირონ ამ ორ რამეს შორის. არა ბატონებო, არ არის ასე. ეს საბჭოთა მენტალიტეტია, როდესაც შენ უპირისპირებ ერთმანეთს ადამიანს და სახელმწიფოს,"- ამბობს გიორგი მარგველაშვილი. 

საქართველოს პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს. ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი "საერთოდ ვერ ერკვევა" იმაში, თუ, რას ნიშნავს "ინსტიტუციური ნდობა".

"თუ პრეზიდენტისთვის საბჭოთა კავშირი არის ის, რომ ადამიანები ინსტიტუტებს ენდობიან, ეს მისი პრობლემაა იმიტომ, რომ საერთოდ ვერ ერკვევა, რას ნიშნავს ინსტიტუციური ნდობა,"- თქვა გოგიჩაიშვილმა. 

"ქართული ოცნების" არგუმენტაცია საპარლამენტო ოპოზიციისთვის გაუგებარია. მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრები კანონის არაკონსტიტუციურობაზე მიუთითებდნენ. ოპოზიცია თვლის, რომ ეს კანონი პოლიტიკური ოპონენტებისთვის დევნისთვის მიიღეს. 

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკის მიუხედავად, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებები პირველივე მოსმენით დაამტკიცა. 

ნახეთ, რა არის და რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონი

კომენტარები