ბიძინა ივანიშვილის ხეები

უძილაური: დენდროლოგიური პარკი ისეთივე სიკეთეს მოიტანს, როგორსაც ბოტანიკური ბაღი

ბიძინა ივანიშვილი და გიორგი უძილაური
Facebook/ Giorgi Udzilauri

"ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი უძილაური, ამბობს, რომ დენდროლოგიურ პარკს საზოგადოებისთვის ისეთივე სიკეთის მოტანა შეუძლია, როგორიც ბოტანიკურ პარკს მოაქვს. ამის შესახებ უძილაურმა რუსთავი 2-ის ეთერში, ეკა კვესიტაძის "განსხვავებულ აქცენტებში" ისაუბრა. 

"[იმავე სიკეთეს მოიტანს], რა სიკეთეც, შეიძლება, მოიტანოს, მაგალითად, ბოტანიკურმა ბაღმა ან დაცულმა ტერიტორიებმა ან პარკებმა, ბუნებასთან დაკავშირებულმა ორგანიზებულმა ზონებმა, სადაც შეუძლიათ ადამიანებს წავიდნენ, დაისვენონ, შეისწავლონ ხეები, ბავშვები მიიყვანონ, ანახონ, იცოდნენ ბუნების პატივისცემა, იცოდნენ ხეების პატივისცემა, მცენარეების..."- აღნიშნავს უძილაური. 

უძილაურმა ხეების გადატანის პროცესში მომხდარ შეფერხებებზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ასეთი ფაქტები იყო, თუმცა მალევე მოგვარდა. კითხვაზე, იქნებოდა თუ არა ეს შეფერხებები, რომ ეს ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილიყო, უძილაურმა უპასუხა, რომ "სიტყვების უტრირება და პოლიტიკაში გადაყვანა არ გვინდა". 

"დენდროპარკი ვერ გაკეთდებოდა ხეები რომ გზაზე არ გადავიდნენ. იმიტომ, რომ ხე ან ხმელეთით უნდა გავიდეს, ან ზღვით. მაქსიმალურად მოკლე გზა გვაქვს არჩეული. რატომ ხდება უნიკალური ხეების შეგროვება? - იმისათვის, რომ გაკეთდეს დენდროპარკი, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება ღია," - თქვა გიორგი უძილაურმა. 

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხეების გადატანის პროცესი ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის დისკომფორტის შემქმნელია, ბიძინა ივანიშვიი არ არის ვალდებული, პარკი სახელმწიფოს გადასცეს. უძილაური ამბობს, რომ ეს ივანიშვილის ნებაზეა დამოკიდებული. 

უძილაურის განმარტებით, პროცესი "აბსოლუტურად ნორმალურია", რადგან ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. 

"არავინ არ არის ვალდებული. მე თუ შემიძლია გავაკეთო ჩემთან პარკი, თუ მაქვს ამის ფინანსური შესაძლებლობები, მე ამას გავაკეთებ. თუ ჩავთვლი, რომ ამ პარკს უნდა დავადო რაღაც გადასახადი, დავადებ. თუ არა - გავხსნი იმიტომ, რომ ეს არის ჩემი კერძო ინიციატივა. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური," - თქვა უძილაურმა. 

კომენტარები