სირიის კრიზისი

სირიის არმია: აშშ-ის სამხედრო იერიშს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

ალ შარიათის სამხედრო ბაზა
AP

სირიის არმიის თქმით, აშშ-ის მიერ ასადის რეჟიმზე სამხედრო იერიშს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. მათი თქმით, დიდია მატერიალური ზარალიც.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ "სირიის მთავრობა განაგრძობს ტერორიზმთან ბრძოლას, რათა მშვიდობა და უსაფრთხოება აღდგეს ყველა სირიელისთვის".

ხმელთაშუა ზღვაში განთავსებული ორი ავიამზიდიდან აშშ-მ ქალაქ ჰომსში მდებარე სირიის საჰაერო ბაზის მიმართულებით, ტომაჰავკის ტიპის შორი რადიუსის 59 რაკეტა ისროლეს.

პენტაგონის განცხადებით, ავიაიერიშის მიზანი ალ შარიათის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურის განადგურება იყო.

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ, აშშ-მ პირველი პირდაპირი იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განმარტებით, ამის მიზეზი სირიის ხელისუფლების მიერ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ილდიბში ქიმიური იარაღის გამოყენება გახდა. ქიმიურ თავდასხმას სულ მცირე 72 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები.

ტრამპის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ბრიტანეთის მთავრობამ. მათი თქმით, "აშშ-ის სამხედრო იერიში იყო ადეკვატური პასუხი სირიაში მომხდარ ბარბაროსულ, ქიმიურ თავდასხმაზე".

მათ გარდა, ტრამპის გადაწყვეტილებას ცალსახად მხარი დაუჭირა - თურქეთმა, ავსტრალიამ, ისრაელმა, საუდის არაბეთთმა და იაპონიამ.

ისრაელის პრეზიდენტის, ბენიამინ ნეთანიუჰუს თქმით, "აშშ-ის პრეზიდენტმა ნათელი მესიჯი გააგზავნა, რომ არ მოითმენს ქიმიური იარაღის გამოყენებასა და გავრცელება". გარდა ამისა, ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოჩენილი სიმტკიცე გავლენას მოახდენს არა მხოლოდ დამასკოზე, არამედ თეირანზე, ფხენიანზე და სხვაგან.

თურქეთის ვიცეპრემიერმა, ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი საერთაშორისო დონეზე უნდა დაისაჯოს.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვეს, რომ ისინი ინფორმირებულნი იყვნენ დაგეგმილი ავიაიერიშის წინააღმდეგ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-მარკ ეიროს თქმით, აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმები "დანაშაულებრივი რეჟიმის გაფრთხილება" იყო. 

ტრამპის ნაბიჯს მხარს უჭერს პოლონეთის მთავრობაც, მათ აშშ-ს "მსოფლიო მშვიდობისა და წესრიგის გარანტი" უწოდეს.

აშშ-ის სამხედრო იერიში ამ დროისთვის მხოლოდ რუსეთმა და ირანმა დაგმო. ქვეყნებმა, რომლებიც სირიის სამოქალაქო ომში ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს.

კრემლის განცხადებით, აშშ-მ აგრესიული ნაბიჯი გადადგა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ს თავდასხმას წინ ედგა "გამოგონილი საბაბი" - თითქოს ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. კრემლი აღნიშნავს, რომ სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გაანადგურა. მათი თქმით, აშშ-ის ეს ნაბიჯი დააზიანებს აშშ-რუსეთის ურთიერთობასაც.

კომენტარები