სირიის კრიზისი

საგარეო უწყება: ქიმიური იარაღის გამოყენების უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება

ტაბულა

"ქიმიური იარაღის გამოყენების უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აშშ-ს მიერ განხორციელებული საპასუხო ქმედება​ იყო დროული", - წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში

"საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში, ქალაქ ჰან შეიხუნში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოყვა.

ქიმიური იარაღის განთავსებით, სირია საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

ამგვარი ქმედებების უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აშშ-ს მიერ განხორციელებული საპასუხო ქმედება​ იყო დროული, ადექვატური და გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა. მნიშვნელოვანია, რომ გატარდა ყველა სახის გამაფრთხილებელი ზომა. 

ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გამოიჩენს სათანადო პრინციპულობასა და ერთიანობას სირიაში საბოლოო მშვიდობის დასამყარებლად", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-მა სირიის საავიაციო ძალებზე სამხედრო იერიში განახორციელა. ხმელთაშუა ზღვაში განთავსებული ორი ავიამზიდიდან აშშ-მ ქალაქ ჰომსში მდებარე სირიის საჰაერო ბაზის მიმართულებით, ტომაჰავკის ტიპის შორი რადიუსის 59 რაკეტა ისროლეს. მომხდარის გამო გლობალურ ბაზრზებზე ნავთობისა და ოქროს ფასი გაიზარდა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განმარტებით, საჰაერო იერიშის მიზეზი სირიის ხელისუფლების მიერ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ილდიბში ქიმიური იარაღის გამოყენება გახდა. ქიმიურ თავდასხმას სულ მცირე 72 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები.

დაბომბვის საპასუხოდ რუსეთმა აშშ-სთან "საჰაერო მშვიდობის" ხელშეკრულება შეაჩერა. ხელშეკრულება სირიის საჰაერო სივრცეში აშშ-სა და რუსეთს შორის მშვიდობიან მოქმედებასა და ურთიერთადპირისპირების თავიდან აცილებას ემსახურებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, აშშ-მ ვერ შეძლო იმ ფაქტების მოყვანა, რომელიც დაადასტურებდა იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებას. ლავროვის თქმით, აშშ-ს სამხედრო იერიში იდლიბის ინციდენტამდე ჰქონდა დაგეგმილი.

კომენტარები