ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

საგარეო: ე.წ რეფერენდუმი მიზნად ისახავს უკანონო ანექსიისათვის საფუძვლის მომზადებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და ე.წ რეფერენდუმს. ამის შესახებ განცხადებას სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისათვის სახელიც შცვლის თაობაზე, ე.წ რეფერენდუმის ჩატარება, მიზნად ისახავს რეგიონის უკანონო ანექსიისათვის საფუძვლის მომზადებას.

„რუსეთის საოკუპაციო ძალის ეს პროვოკაციული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგების, სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. საქართველოს უძველესი რეგიონისათვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელის - „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიის სახელმწიფო“ - დარქმევასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მიზნად ისახავს რეგიონის უკანონო ანექსიისათვის საფუძველის მომზადებას. ეს განზრახვა მკაფიოდ წარმოჩინდა ახლახანს ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმებითაც, რომელიც ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანებას ითვალისწინებს." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო არჩევნებს და რუსეთის ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებენ. 

„მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში და ხელს უშლის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან.“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სახელის შესაცვლელად ე.წ. რეფერენდუმი დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდება.

ე.წ. რეფერენდუმის კითხვა ასეთია - "ეთანხმებით თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას სახელად ალანია დაერქვას?"

რეფერენდუმის შესახებ ინიციატივა მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 2015 წლის დეკემბერში გამოთქვა და ორ წელიწადში რეფერენდუმის ჩასატარებლად ბრძანებაც გამოსცა.

კომენტარები