ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

ენმ: ვგმობთ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს, ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას განაგრძოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„აღნიშნული რეფერენდუმი და არჩევნები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას და, შესაბამისად, ცნობილია არალეგიტიმურად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევა არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკის გაგრძელება - ეთნიკური წმენდისა და სამხედრო აგრესიის, ასევე თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სამხედრო-საჯარისო შენაერთების რუსეთის სამხედრო ძალებთან გაერთიანების და ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსიის დაკანონების მცდელობა. ის ხელს უშლის საერთაშორისო ფორმატებში მიმდინარე მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივას.“ - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სახელის შესაცვლელად ე.წ. რეფერენდუმი დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ტარდება.

ე.წ. რეფერენდუმის კითხვა ასეთია - "ეთანხმებით თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას სახელად ალანია დაერქვას?"

რეფერენდუმის შესახებ ინიციატივა მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 2015 წლის დეკემბერში გამოთქვა და ორ წელიწადში რეფერენდუმის ჩასატარებლად ბრძანებაც გამოსცა.

კომენტარები