საყოველთაო ჯანდაცვა

სერგეენკო: 600 ათასი პენსიონერი წამლებს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიიღებს

ტაბულა

ჯანდაცვის სამინისტრო 600 ათასი პენსიონერისა და სოციალურად დაუცველთათვის მედიკამენტების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. ტენდერის მეშვეობით ჯანდაცვის სამინისტრო შეიძენს მწვავე ქრონიკული დაავადების მედიკამენტებს (30 დასახელების) რომელსაც პენსიონრებესა და სოციალურად დაუცველებს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიეწოდება. 

პროგრამასთან დაკავშირებით დღეს დავით სერგეენკო ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო მარტოხელა პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამეტებით უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება სავარაუდოდ 5 მილიონი ლარი იქნება.

"თუ პენსიონერი საშუალოდ თვეში 25-30 ლარის ღირებულების მედიკამენტების შესყიდვას საჭიროებდა, მათ ეს სიმბოლური თანაგადახდით, მაქსიმუმ თვეში 1 ლარი დაუჯდებათ. ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც იმუშავებს წლების განმავლობაში. სამიზნე კატეგორია არის 500-600 ათასამდე ადამიანი. ესენი არიან სოციაურად დაიცველი ადამიანები და პენსიონერები. პროგრამა მოიცავს პირველ ეტაპზე, 4-5 ძირითადი ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების მიწოდებას. საუბარია 30 დასახელების მედიკამენტზე. პროგრამის ბიუჯეტი ვფიქრობთ, პირველ ეტაპზე იქნება 5 მილიონი ლარის ფარგლებში",- ამბობს დავით სერგეენკო.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტის მე-2 ტიპი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ბრონქიალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები - ეს იმ დაავადებათა ჩამონათვალია, რომელიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები დავით სერგეენკომ 16 მარტს წარადგინა. პროგრამაში შესული ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების პროგრამიდან ამოღებას ეხებოდა. პროექტში დაგეგმილი ცვლილებები უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები