გამწვანება

ნარმანია: უკვე ნახევარ მილიონ ხეზე მეტი დავრგეთ

მერია

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში გამოსვლისას თქვა, რომ თბილისსა და მის შემოგარენში 2014 წლიდან დღემდე ნახევარ მილიონზე მეტი - 650 000 ხე-მცენარე დაირგო. ნარმანიას თქმით, დიდი რაოდენობით ხე-მცენარის დარგვა გამგეობების მიერ შერჩეულ ტერიტორიებზე, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით მოხდა.

თბილისის მერი ამბობს, რომ 2016 წელს დედაქალაქის მასშტაბით 180 000 ხე-მცენარე დაირგო, თბილისსა და მის შემოგარენში კი, პირველად დაიწყო ნუშისა და ზეთისხილის ბაღების გაშენება.

"გამწვანება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც დედაქალაქის მთავრობისთვის  უმნიშვნელოვანესია. 2014 წლიდან დღემდე, თბილისსა და მის შემოგარენში სულ 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული.  გარდა ამისა, გასულ წელს დედაქალაქში  30 ახალი სკვერი მოეწყო, ხოლო  რეაბილიტაცია 249 სკვერს ჩაუტარდა. მათ შორისაა, იაპონური ბაღი - ბოტანიკურ ბაღში, რომელიც იაპონური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ. გავამწვანეთ და კეთილმოვაწყვეთ თამარაშვილის ქუჩის გზაგამყოფი ხეივანი, ასევე, ვერის პარკი და სხვა სკვერები.  მნიშვნელოვანი გამწვანებითი ღონისძიებები ჩატარდა ე.წ. ახალ გზაზე, სადაც მიუხედავად ათასგვარი წინასწარი ვერსიისა, ნერგების უმრავლესობამ გაიხარა. ლისის ტბის ირგვლივ საფეხმავლო ბილიკი გავაკეთეთ",- თქვა ნარმანიამ.

შეგახსნებთ, რომ დავით ნარმანია წინასაარჩევნოდ თბილისის მოსახლეობას მილიონი ხის დარგვას დაჰპირდა.

კომენტარები