მედიაგარემო

20:30-ის წამყვანი მაკა ცინცაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემას წაიყვანს

GDS

GDS-ის გადაცემა 20:30-ის ყოფილი წამყვანი მაკა ცინცაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკურ თოკშოუს წაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელში on.ge-ის დაუდასტურეს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად 20:30-ის ყოფილი მთავარი პროდიუსერის ვასილ მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ, GDS-ის 20-მდე თანამშრომელი მაუწყებელში დასაქმდა. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის გადაცემის "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" წამყვანები მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე. 

გარდა ამისა, ეკა შონია, რომელიც GDS-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დაგეგმვის მთავარი რედაქტორი იქნება. 20:30-ის პროდიუსერები მაია ჭუჭულაშვილი და თამუნა კენკიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზეც იმავე თანამდებობას დაიკავებენ. 2030.news-ის რედაქტორი ირინა დეკანოიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის ახალი ამბების რედაქტორი იქნება.

გიორგი გვიმრაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადასული თანამშრომლები, ძველ თანამშრომლებს არ ჩაანაცვლებენ.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც მაუწყებელში თანამშრომლების ოპტიმიზაცია ხარჯების შემცირების მიზნით უნდა მოხდეს. არხის მენეჯმენტის გეგმით, უნდა დაიხუროს "არარეიტინგული გადაცემები": "ხანმოკლე XX საუკუნე", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრადუსი", "მთავარი", "რეალური სივრცე", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", "ტელემანი", "კაცების დრო", "ც სტუდია", "უცნობი მუსიკა".

მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელმა კომპანიამ "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა" ბერა ივანიშვილისგან ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ის 100%-იანი წილი იყიდა. იმედი GDS-ის გარდა, ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასაც აპირებს.

კომენტარები