თბილისის საკრებულო.

თბილისის საკრებულოს 35 მანქანა ემსახურება, ლონდონისას - არცერთი

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი
თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს 35 მანქანა ემსახურება, ხოლო ლონდონის წარმომადგენლობით ორგანის (Greater London Authority) არცერთი. თბილისის საკრებულოდან ავტომობილების შენახვის ხარჯები ფლანგვის დეტექტორმა გამოითხოვა.

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის საკრებულოდან მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წევრები და თანამშრომლები სამსახურეობრივი მანქანებით, ან სხვა რაიმე ტიპის დამატებითი ბენეფიტებით სახელმწიფოსგან არ სარგებლობენ. ასევე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ლონდონის მერი და კოლეგიის სხვა წევრები საჯარო ტრანსპორტით გადაადგილდებიან. 

ლონდონის გზა ჯამურად 14 794 კმ-ს შეადგენს, მაშინ როდესაც მთელი საქართველოს ქალაქებისა და სოფლის გზა 13 446 კმ-ს მოიცავს ( 2015 წლის მონაცემი, სავტომობილო გზების დეპარტამენტი). მოსახლეობის რაოდენობა - 8,63 მილიონი ადამიანი, რამდენჯერმე აღემატება თბილისისა და მთლიანად საქართველოს პოპულაციას. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბებისა და ფინანსური რესურსების მიუხედავად, ლონდონის საკრებულოს წევრები პირადი ავტომობილების გარეშე ახერხებენ სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულებას, თბილისელი კოლეგებისგან განსხვავებით. 

აქვე გაგაცნობთ, რომ 2016 წელს, თბილისის საკრებულოს ბალანსზე არსებული მანქანების შენახვა ბიუჯეტს 104 396 ლარი დაუჯდა. 

კომენტარები