მილანი

სილვიო ბერლუსკონიმ AC Milan-ის აქციების 99.93 % ჩინურ კომპანიას მიყიდა

Reuters

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ იტალიური საფეხბურთო კლუბი მილანის აქციათა 99.93 % ჩინურ კომპანია Rossoneri Sport Investment Lux-ს ოფიციალურად მიყიდა.

აქციების 99.93 %-ის შეძენა ჩინურ კომპანიას ჯამში 740 მილიონი ევრო დაუჯდა. ამ თანხიდან 520 მილიონი ევრო Fininvest-ს ჩაერიცხება, 220 მილიონით კი მილანის ვალები დაიფარება.

მილანის გაყიდვასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ბერლუსკონი თითქმის ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა და უამრავი გადავადების შემდეგ ოფიციალურ დოკუმენტებს ხელი დღეს მოეწერა. კონტრაქტში არსებული ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით ჩინური კომპანია ვალდებულია მნიშვნელოვნად გაზარდოს მილანის კაპიტალი და გააძლიეროს კლუბის ფინანსური სტრუქტურა.

მილანის აქციების 99.93 % სილვიო ბერლუსკონის კომპანია Fininvest-ს ეკუთვნოდა და შესაბამისად დოკუმენტებზე ხელი Fininvest-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანილო პელეგრინომ და Rossoneri Sport Investment Lux-ის წარმომადგენელმა ჰან ლიმ მოაწერეს.

მილანის პრეზიდენტი დღეიდან ბიზნესმენი და ბროკერი იონგჰონგ ლი იქნება.

სილვიო ბერლუსკონიმ საფეხბურთო კლუბი მილანი 1986 წელს შეიძინა. ბერლუსკონის პრეზიდენტობის 31 წლიან პერიოდში მილანმა 29 ტიტული მოიგო (რაც ბერლუსკონის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტად აქცევს), მათ შორის 5-ჯერ უეფას ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა ლიგა.

სილვიო ბერლუსკონისთან ერთად მილანს კლუბის ვიცეპრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ადრიანო გალიანიც დატოვებს, რომელიც მილანში ბერლუსკონის მოსვლის დღიდან მუშაობდა. მას იტალიელი მარკო ფასონე შეცვლის.

კომენტარები