ჰომოფობია

ლგბტ ადამიანების მასობრივი დევნა ჩეჩნეთში - გაერო რუსეთს გამოძიების დაწყებას სთხოვს

CNN

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტები რუსეთის ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, გამოიძიონ ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესები ლგბტ ადამიანებთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. 

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გამოიძიოთ ცნობები იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთში გეი თუ ბისექსუალ ადამიანებს ციხეში სვამენ, აწამებენ, სცემენ და კლავენ,"- წერია გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რუსეთის ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტები და ოპოზიციური მედია საუბრობს იმაზე, რომ მარტის შემდეგ იზრდება ცნობები ჩეჩნეთში გეი მამაკაცების გაქრობის შესახებ. მათი ინფორმაციით, გამქრალთაგან რამდენიმე დაკავებულია, დანარჩენის ბედი კი ამ დრომდე უცნობია. 

რუსული გაზეთი "Новая газета" წერდა, რომ მარტის თვეში დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ან ამის შესახებ არსებული ეჭვის გამო", ხოლო მათივე ინფორმაციით, 3 ადამიანი მოკლეს. 

CNN წერს, რომ მათ ვერ შეძლეს იმის გადმოწმება, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს "Новая газета"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა ისინი გაესაუბრნენ რუს, საერთაშორისო კრიზისჯგუფის დირექტორს, ეკატერინა სოკირიანსკაიას, რომელმაც მათ უთხრა, რომ ჩეჩნეთის სხვადასხვა წყაროსგან მიიღო ინფორმაცია გეი მამაკაცების დაკავების შესახებ, რომელთა შორისაც იყვნენ კულტურისა და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებიც. 

სოკირიანსკაიამ, რომელიც კავკასიის რეგიონის ექსპერტია, თქვა, რომ "თითქმის შეუძლებელია არ გვჯეროდეს, რომ ეს ხდება, მაგრამ ამასთან ძალიან რთულია ამის გადამოწმება, რადგან ჩეჩნეთის საზოგადეოება რადიკალურად ჰომოფობიურია". მან, ასევე, აღნიშნა, რომ არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია მიმდინარე ანტი-გეი კამპანია. 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პეშკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას, თქვა, რომ მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 

"შეიძლება, ვცდები და შეიძლება, ასეთი ცნობები არსებობს, თუმცა მე ისინი არ წამიკითხავს. ეს ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს,"- თქვა პეშკოვმა.

განსხვავებული იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკის ოფიციალური პოზიცია. მთავრობის პრესსპიკერმა, ალვი კარიმოვმა, თქვა, რომ ის, რასაც რუსული ოპოზიციური მედია წერს "სრული სიცრუეა". თუმცა, ლგბტ ადამიანებზე საუბრისას მან გამოამჟღავნა ის ჰომოფობიური და არატოლერანტული დამოკიდებულება, რომელიც ჩეჩნეთის მთავრობას აქვს. 

"ვერ დააკავებ და ვერ ავნებ იმას, ვინც რესპუბლიკაში არც არსებობს. ასეთი ადამიანები რომც იყვნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, მათთან სამართალდამცველებს არანაირი პრობლემა არ ექნებოდათ, რადგან მათივე ოჯახის წევრები გაუშვებდნენ იქ, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს,"- ასეთია რესპუბლიკის პოზიცია. 

კარიმოვი, სავარაუდოდ, გულისხმობდა ე.წ. "ღირსების სიკვდილს", როცა ადამიანს, რომელიც არღვევს სოციალურ ნორმებს რესპუბლიკაში, თავისივე ოჯახის წევრები კლავენ. 

სოკირიანსკაიამ თქვა, რომ ე.წ "ღირსების სიკვდილის" ტრადიცია ჩეჩნეთში კვლავაც არსებობს და ლგბტ ადამიანებს თავიანთი ოჯახის წევრებისგან დაცვის იმედი არ აქვთ. 

მან, ასევე, თქვა, რომ ჩეჩნეთში არ არსებობს ლგბტ თემი, როგორც ასეთი. მისი თქმით, პატარა ჯგუფები ერთმანეთს მობილურის საშუალებით ეკონტაქტებიან, თუმცა არსებობს გამოაშკარავების საფრთხე, რადგან ჩეჩნეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების წარმომადგენლები მათ მობილურზე საუბარს ისმენენ. 

სოკირიანსკაიას თქმით, ჩეჩნეთში გეი ადამიანები შიშის კლიმატში ცხოვრობენ, მუდმივად დაშინებულები იმაზე, რომ ოდესმე მათ იპოვიან. 

ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენლებიც კი, ჰომოფობიურად არიან განწყობილები და ანტიპათია აქვთ ლგბტ თემის წევრების მიმართ. ჰედა სარატოვამ, ადამიანის უფლებათ დაცვის საბჭოს მეთაურმა ჩეჩნეთში, რუსული ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებული ცნობები უარყო. 

სარატოვამ CNN-თან საუბრისას თქვა, რომ "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლები რომც არსებობდნენ ჩვენს საზოგადოებაში, ამის შესახებ არავის ეცოდინებოდა. ისინი [ლგბტ უფლებების დამცველები] ამბობენ, რომ მათ გეი აღლუმის მოწყობა უნდათ აქ, ეს აბსურდულია".

კომენტარები