რუსთავი 2-ის საქმე

აქიმიძე და დვალი: ქიბარ ხალვაშის განცხადების უკან საქართველოს მთავრობა დგას

ipress.ge

რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელები დავთ დვალი და ჯარჯი აქიმიძე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს პასუხობენ. მათი თქმით, ხალვაშის მიმართ არაკორექტულები არც ერთ გამოსვლაში არ ყოფილან. დვალი და აქიმიძე ფიქრობენ, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადების უკან საქართველოს მთავრობა დგას.

"ვფიქრობთ, ქიბარ ხალვაშის განცხადება შორს მიმავალი გეგმის ერთი მცირე ნაწილია. სინამდვილეში იკვეთება რამდენიმე მკაფიო გზავნილი, რაც “უცნაურად” ემთხვევა ჩვენს გააქტიურებას როგორც მედიაში, ისე უცხოურ ორგანიზაციებში. ასევე პროკურატურაში 6 აპრილს შეტანილ ოფიციალურ წერილს სტატუსის ლეგიტიმაციის შესახებ. განცხადების პასუხად შეგვიძლია ვთქვათ:

ჩვენს არც ერთ გამოსვლაში ქიბარ ხალვაშის მიმართ არაკორექტულები არ ვყოფილვართ. პირიქით, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენთან მიმართებით მის მორალურ საქციელს. შესაბამისად, მის ნათქვამს და გაღიზიანებულ ტონს განვიხილავთ, როგორც ნიადაგის მომზადების მცდელობას – უარი თქვას, ან შესაძლოა „ათქმევინონ“ მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, ან მასში გარკვეული კორექტივები შეატანინონ. ამ ქმედებაში აშკარად იკვეთება ხელისუფლების ხელი, რომელსაც, სავარაუდოდ, თავიდანვე არ მოსწონდა ჩვენ შორის არსებული შეთანხმება, ვინაიდან მისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი, არაკონტროლირებადი, კრიტიკული რუსთავი 2.

ლოგიკას მოკლებულია მსჯელობა იმის შესახებ, რომ ქიბარ ხალვაშს არ ეხება ის, რაც რუსთავი 2-ში 2006 წლამდე მოხდა. ზუსტად ეს არგუმენტი მოჰყავს უსამართლობათა ჯაჭვის ყველა იმ რგოლს, რომლებიც ხალვაშის სარჩელის საფუძველზე ბათილად ცნო ქართულმა სასამართლომ. შესაბამისად, უხილავი ხელის დახმარებით, პროკურატურას რომ არ შეეჩერებინა გამოძიება, საქმე გვექნებოდა გამჭვირვალე, მარტივ სასამართლო პროცესთან, სადაც 2004 წლიდან დაწყებული, ყველა რგოლი, მათ შორის ქიბარ ხალვაშიც ისევე ჩაიხსნებოდა, როგორც ეს გააკეთა მიმდინარე დავასთან დაკავშირებით სასამართლოს ყველა ინსტანციამ. მაგრამ მოხდა ისე და თანაც გამიზნულად, რომ პროკურატურამ შეაჩერა 2012 წელს დაწყებული გამოძიება. შესაბამისად, სასამართლომ ათვლის წერტილად აირჩია არა 2004, არამედ 2006 წელი.

ამ განცხადების უკან რეალურად დგას მთავრობა, რომლისთვისაც მარტივია ბიზნესში ჩართული ადამიანის “კონტროლი” და შეუძლებელია დამფუძნებლების გაკონტროლება, რაც ვერ შეძლო ვერც შევარდნაძის და ვერც სააკაშვილის მთავრობამ" - ნათქვამია დვალის და აქიმიძის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევიზიის არსებობა მთავრობის სტრატეგიულ გეგმაში არ შედის.

"ამიტომ ისინი ქიბარ ხალვაშის ამ განცხადებით ნიადაგს ამზადებენ, რათა ბიზნესმენის მიერ დამფუძნებლებისათვის საჯაროდ გაკეთებული შეთავაზება ლეგიტიმურად დაარღვიონ და შექმნან “დამოუკიდებელი ტელევიზიის” მათთვის სასურველი მოდელი.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ვერც ერთი მთავრობა, რომელსაც პრეტენზია აქვს სამართლიანობასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, გვერდს ვერ აუვლის დამფუძნებლების ლეგიტიმურ უფლებებს. ეს პროცესი იქნება სერიოზული ტესტი ხელისუფლებისთვის, რამდენად ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის საქვეყნოდ მიღებული დემოკრატიული ფასეულობები" - აცხადებენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე. 

გუშინ, 14 აპრილს, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ "თუ [ჯარჯი] აქიმიძე და [დავით] დვალი ძალიან დამიწყებენ "კაჩაობას" ტელევიზია-ტელევიზია სირბილით, შეიძლება, შეთანხმებას რამე დაემუქროს". ხალვაშმა აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის მისთვის მიკუთვნების შემთხვევაში, წილის 50%-ს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს დაუთმობს, "ჯერ კიდევ ძალაშია". ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ მას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელების მიმართ არავითარი ვალდებულება არ გააჩნია.

2017 წლის 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს კი, ევროსასამართლომ, 39-ე მუხლის საფუძველზე, რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით 8 მარტამდე შეაჩერა. ხოლო 7 მარტს, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უვადოდ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებენ, რომ ტელეკომპანია მათია. დვალის თქმით, "ხალვაში ერთ-ერთი იყო ჩვენთვის R2-ის წართმევის ამბავში".

კომენტარები