ჩრდილოეთ კორეის მიერ ახალი ტიპის რაკეტების გამოცდამ წარუმატებლად ჩაიარა, ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის თქმით, "რაკეტა გასროლისთავანე ნაწილებად დაიშალა და აფეთქდა". რაკეტის ტიპი ამ დრომდე დაუდგენელია. ბალისტიკური რაკეტის აფეთქების შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო სარდლობაც ადასტურებს.
ამავდროულად ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ფართომასშტაბიანი ბირთვული დარტმით ემუქრება. ამის შესახებ განცხადება კორეის შეიარაღებული ძალების მარშალმა ფხენიანში გამართულ სამხედრო აღლუმზე გააკეთა. აღლუმზე ქვეყანამ ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტები - KN-08 წარადგინა, ასევე წარადგინა ბალისტიკური რაკეტები, რომელთა გასროლაც წყალქვეშა ნავებიდან არის შესაძლებელი.
კომუნისტური რეჟიმი 15 აპრილს ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებლის, კიმ ირ სენის 105-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. ეროვნულმა დღესასწაულმა რეგიონში პოლიტიკურად უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა.
ფხენიანის აღლუმის ამსახველი ფოტოები:
ფხენიანის სამხედრო აღლუმის დროს, კორეის ნახევარკუნძულიდან დაახლოებით 700 კილომეტრის დაშორებით აშშ-ის ბირთვული ავიამზიდი - USS Carl Vinson-ი და ფლოტის კიდევ რამდენიმე ხომალდი იყო განთავსებული. ამავდროულად სამხედრო ძალის ფართომასშტაბიანი მობილიზაცია იყო გამოცხადებული ჩინეთის მიერ კორეის საზღვართან. დაახლოებით სამი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ მზად იყო წერტილოვანი სარაკეტო დარტყმებით აღეკვეთა ჩრდილოეთ კორეის მცდელობა ჩაეტარებინა მეექვსე ბირთვული ტესტი, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით აშშ კორეაზე ზეწოლას არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით გააგრძელებს.
ჩრდილოეთ კორეამ საერთაშორისო აკრძალვების მიუხედავად ამ დრომე 5 ბირთვული ტესტი ჩაატარა, მათგან ყველაზე ძლიერი აფეთქება 2016 წლის სექტემბერში იყო. ბომბის სიმძლავრე 10 კილოტონას შეადგენდა. ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მტკიცებით, ქვეყნის მეცნიერებმა უკვე წყალბადის ბომბიც შექმნეს.