საპოლიციო გამოსახლება

მთავრობა კანონპროექტით საპოლიციო გამოსახლების ნაწილობრივ აღდგენას გეგმავს

ტაბულა

პარლამენტში უკვე შესულია საკანონმდბლო პაკეტი, რომლითაც საპოლიციო გამოსახლების ნაწილობრივ აღდგენა იგეგმება. "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" - არის ამ კანონპროექტის სახელი და ის სახელმწიფოსა და მოქალაქეთა შორის საკუთრების ჩამორთმევის - "ექსპროპრეაციის" წესს არეგულირებს.

კანონის მეთერთმეტე მუხლით განისაზღვრება ის წესები, რომელთა მეშვეობითაც ქონების ჩამორთმევა მოხდება:

"კანონპროექტით განისაზღვრა გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც ყოფილმა მესაკუთრემ უნდა გაათავისუფლოს ექსპროპრირებული ქონება. კერძოდ, მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობია განთავსებული - არაუმეტეს 1 თვისა, ხოლო მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ დგას - არაუმეტეს 14 კალენდარული დღისა.

ამ პირობის დაუცველობის შემთხვევაში, ექსპროპრიატორს უფლება ენიჭება, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს მისი საკუთრებიდან უკანონო მფლობელის გასახლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალდამცავ ორგანოს ნაწილობრივ უბრუნდება ე.წ. „საპოლიციო გამოსახლების“ ფუნქცია ექსპროპრიაციას დაქვემდებარებულ უძრავ ნივთზე ყოფილი მესაკუთრის მხრიდან ექსპროპრიატორის საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ექსპროპრიატორს სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება, რაც გულისხმობს ქონების მის საკუთრებაში გადასვლას", - წერია კანონის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ასევე ახალი თბოელექტროსადგურების და სხვა პროექტების დროულ განვითარებას ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის ქონების ექსპროპრეაციის არსებული კანონმდებლობა.

საპოლიციო გამოსახლების გამაუქმებელ კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი 2015 წლის 29 დეკემბერს მოაწერა. შემდგომში კი ამ ნორმის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოში ბანკების ასოციაციამ და ბიზნესასოციაციამ გაასაჩივრეს. ბიზნესის შეფასებით საპოლიციო გამოსახლების გაუქმებამ ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარზე არსებული რისკები მნიშვნელოვნად გაზარდა.

კომენტარები