რეფერენდუმი

რომელი ქვეყნების თურქულმა დიასპორამ არ დაუჭირა მხარი ერდოღანის ინიციატივას

Getty Images

25.1 მილიონი მომხრე, 23.7 მილიონი მოწინააღმდეგე - ასე გამოიყურება თურქეთის საკონსტიტუციო რეფერენდუმის საბოლოო შედეგები, რის შედეგადაც ქვეყანა საპარლამენტო მმართველობიდან საპრეზიდენტო მმართველობად გარდაიქმნდება. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მილიონზე მეტმა საზღვარგარეთ მცხოვრებმა თურქეთის მოქალაქემ. ამ ქვეყნების უმრავლესობაში უარყოფითმა პასუხმა გაიმარჯვა, მათ შორის საქართველოცაა. თუმცა იმ ქვეყნებში სადაც თურქული დიასპორა განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ერდოღანის ინიციატივამ გაიმარჯვა.

რეფერენდუმის შედეგები ქვეყნების მიხედვით, ლურჯი - დიახ, წითელი - არა:

ლურჯი - კი, წითელი - არა
ფოტო: yenisafak.com

საქართველოში რეფერენდუმში მონაწილეობა მხოლოდ 701-მა ადამიანმა მიიღო, აქედან 59%-მა ხმა ერდოღანის ინიციატივის საწინააღმდეგოდ მისცა. ყველაზე მეტი 650 ათასი ამომრჩეველი გერმანიაში დაფიქსირდა, მათმა 63%-მა ცვლილებას მხარი დაუჭირა. 100 ათას აღემატებოდა ამომრჩეველთა რაოდენობა საფრანგეთსა და ნიდერლანდებშიც, აქაც ერდოღანის ინიციატივამ გაიმარჯვა. უფრო დეტალურად შედეგების ნახვა შესაძლებელია აქ.

საკონსტიტუციო ცვლილებები მოიცავს ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერმინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის (HSYK) რეფორმირებას. რეფერენდუმში გამარჯვება რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელოსუფლების სათავეში 2029 წლამდე დარჩენის საშუალებას აძლევს. ასევე ქვეყნის პრეზიდენტს ეძლევა შესაძლებლობა ნებისმიერ დროს დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. პრეზიდენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებაც მიეცემა.

დაგეგმილი ცვლილებები გააკრიტიკეს ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სადაც განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა ძალაუფლების განაწილების და საპარლამენტო ანგარიშვალდებულების გაუქმებამ. საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ცვლილებები გამოიწვევს პარლამენტის დაუძლურებას, ხოლო პრეზიდენტს ექნება კონტროლი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემაზე.

რეფერენდუმმა ქვეყანაში ასრებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე ჩაიარა.

ოპოზიცია შედეგებს არ ეთანხმება. თურქეთის რესპუბლიკური პარტიის ინფორმაციით, არჩევნებზე 1.5 მილიონზე მეტი უბეჭდო ბიულეტენის ხმა საარჩევნო კომისიამ დასაშვებად ცნო. პარტია ხმათა 60%-ის ხელახალ გადათვლას ითხოვს. სტამბოლსა და სხვა ქალაქებში კი ერდოღანის პარტიის მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობენ.

კომენტარები