საპარტნიორო ფონდი

IMF მთავრობას საპარტნიორო ფონდის ფინანსური დისციპლინის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

საერთასორისო სავალუტო ფონდი
Reuters

"საქართველოს მთავრობამ უნდა შეზღუდოს და მონიტორინგი გაუწიოს საპარტნიორო ფონდის ბალანსს", - წერია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, სავალუტო ფონდი 2017 წელს საპარტნიორო ფონდისთვის მისაცემ კრედიტს $20 მილიონამდე შეამცირებს.

"საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაცია ეძლევა უფრო ძლიერი როლი მიეცეს ფინანსთა სამინისტროს სახსრებისა და საბიუჯეტო ხელმისაწვდომობის ღირებულების განხილვაში; უზრუნველყოფილი იყოს სატენდერო პროცესი; საჯარო კერძო პარტნიორობის ვალდებულებების ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდეს. პროგრამა შეზღუდავს საპარტნიორო ფონდის ახალ სესხებს, ასევე ლიმიტს დააწესებს მის სალარო დეფიციტზე. საპარტნიორო ფონდი განაგრძობს მხოლოდ კომერციული მიზნების განხორციელებას (შვილობილი კომპანიების მონაწილეობის წილის ან სესხის თანაფინანსირების უზრუნველყოფით), არ განახორციელებს სალარო დეფიციტს ან არ გამოსცემს რამე გარანტიებს. გარდა ამისა, ჩვენ საპარტნიორო ფონდის სესხს 2017 წელს 20 მილიონ დოლარამდე შევზღუდავთ", - წერია ფონდის ანგარიშში.

"რომ არა მსგავსი შეზღუდვები საპარტნიორო ფონდი უფრო მასშტაბურ პროექტსაც დააფინანსებდა",- ასე პასუხობს საპარტნიორო ფონდი სავალუტო ფონდის განცხადებას.

"ეს არის სამუშაო პროცესი. IMF საქართველოში მუშაობს სხვადასხვა უწყებებთან, მათ შორის საპარტნიორო ფონდთანაც. თუმცა საპარტნიორო ფონდს უფრო მეტი პოტენციალი გააჩნია; რომ არა მსგავსი შეზღუდვები, ფონდი უფრო დიდ და მასშტაბურ პროექტებსაც დააფინანსებდა“, - ასე განუცხადეს საქმის კურსს საპარტნიორო ფონდში.

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების მომგებიანი მართვისთვის შეიქმნა. ფონდის საქმიანობის გაუმჭვირვალეობასთან და შესაძლო კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე ანგარიშიც გამოქვეყნდა.

საპარტნიორო ფონდის აქტივები ასე გამოიყურება:

  • საქართველოს რკინიგზა - 100% წილი
  • საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 100% წილი
  • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 100% წილი
  • ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი - 100% წილი
  • სს თელასი - 24.5% წილი

ფონდის საინვესტიციო საქმიანობა კი ასე გამოიყურება:

  • რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი - ივნესტიცია 15 მილიონი ლარი
  • ლურჯი მოცვის პლანტაცია Vanrik Agro - ინვესტიცია $6.7 მილიონი
  • სამშენებლო მასალის მწარმოებელი ქარხანა Panex - ინვესტიცია $6 მილიონი
  • გარდაბნის თბოელექტროსადგური - ინვესტიცია $220 მილიონი
  • სასტუმრო "რიქსოს ბორჯომი" - ინვესტიცია $48 მილიონი 
  • 150 ნომრიანი სასტუმრო საირმე - ინვესტიცია $10 მილიონი
  • სასტუმრო "ჯინო ველნეს სპა" - ინვესტიცია $5 მილიონი
  • მეცხოველეობის ფერმა "კალანდა" - ინვესტიცია $5 მილიონი 

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ მთავრობა ფონდის 25%-იანი წილის პრივატიზაციაზე, კერძოდ კი საერთაშორისო ბირჟაზე გატანაზე მსჯელობს.

კომენტარები