სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-ის უფროსი პარლამენტში 2016 წლის ანგარიშს წარადგენს, სხდომას ნაწილობრივ დახურავენ

ვახტანგ გომელაური
ტაბულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დღეს პარლამენტში 2016 წლის ანგარიშს წარადგენს. ვახტანგ გომელაურს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ. ის პარლამენტში 13:00-ზე მივა. უმრავლესობას შეკითხვები ძირითადად საზღვრების დაცვასა და საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებით აქვს.

„მე დარწმუნებული ვარ ამჯერად შედგება მისი მოსმენა პარლამენტში. რაც შეეხება საკითხებს, ბატონ გომელაურთან ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო კითხვები - მისი სამსახურის მუშაობა ანტიტერორისტული კუთხით, მათ შორის ანტიკორუფციული სამსახურის საქმიანობა, ტერორიზმის ფაქტების გამოვლენა, საზღვრის დაცვის კუთხით,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სხდომა ნახევრად დახურულ რეჟიმში წარიმართება. რასაც ოპოზიცია აპროტესტებს.

„უსაფრთხოების სამსახური არის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მთავარი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელსაც ის იყენებს. არის კითხვები ასევე სისტემურ კორუფციასთან დაკავშირებით, რითაც უნდა იყოს ძირითადად დასაქმებული ის სამსახური, ასე რომ კითხვები ძალიან ბევრია, ამიტომ სურთ, რომ მოსმენის ძირითადი ნაწილი იყოს დახურული“-ამბობს მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის თინათინ ბოკუჩავას თქმით, მათ ძალიან ბევრი მწვავე კითხვა ექნებათ იმაზე, "როგორ გამოიყენა ივანიშვილმა სუს-ი წინასაარჩევნოდ, ასევე მოსმენების ახალ კანონზე, რომლითაც სუს-ი კვლავ რჩება უფლებამოსილი, რომ განახორციელოს უკანონო თვალთვალი და მიყურადება მოქალაქეების".

კომენტარები