ხუდონჰესი

მთავრობამ შესაძლოა ხუდონჰესი ინვესტორს ჩამოართვას და პროექტი თავად განახორციელოს

ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ მთავრობა განიხილავს ხუდონჰესის ინვესტორისთვის ჩამორთმევის შესაძლებლობას. კალაძის თქმით, პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს და მისი განხორციელება შესაძლოა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს.

"ხუდონჰესის მშენებლობას რაც შეეხება, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ინვესტორთან, გვაქვს შეთავაზება რომ პროექტი წამოიღოს სახელმწიფომ. პროექტი აუცულებლად უნდა აშენდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის",- ამბობს კალაძე.

მდინარე ენგურზე ხუდონის $1-მილიარდიანი ელექტროსადგურის მშენებლობა კომპანია "ტრანსელექტრიკას" ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა დაეწყო, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობასთან შექმნილი პრობლემებისა და დაფინანსებაში არსებული პრობლემების გამო პროექტი განხორციელების ეტაპზე დღემდე არ გადასულა.

"ტრანსელექტრიკას" ტექნიკური დირექტორი, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავაა. ის საქმის კურსთან საუბარში ამბობს, რომ პროექტის განვითარებას უამრავი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი აფერხებს.

ხუდონჰესის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო - გაიყვანეს ჰესამდე მისასვლელი გზა. წყლის მიმწოდებელი ტურბინებისა და შემდეგ ამ წყლით ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის აუცილებელი გენერატორების მოსათავსებლად მოამზადეს მთა, რომლის შიგნითაც გვირაბები გათხარეს. გამოიყო ადგილიც, სადაც კაშხალს და რეზერვუარს ააშენებდნენ.

1989 წელს მშენებლობა შეჩერდა. მიზეზი გარემოსდაცვით და სეისმურ რისკებზე სხვადასხვა ჯგუფების აპელირება გახდა. ამავდროულად, პროექტის დაფინანსებაში წარმოიშვა შეფერხება, რაც საბჭოთა კავშირში არსებულ ფინანსურ კრიზისს უკავშირდებოდა. მას შემდეგ პროექტის განვითარება პრაქტიკულად დაკონსერვებულია.

კომენტარები