ცესკო

პროექტით, ცესკოს წევრები პენსიასთან ერთად დაახლოებით 450-ლარიან დანამატს მიიღებენ

ტაბულა

პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომლები სპეციალურ საპენსიო დანამატებს მიიღებენ. ცვლილება სახელმწიფო "კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის" შესახებ კანონში შედის და მისი ინიცატორი თავად ცესკოა. კანონი არ მოიცავს ზუსტ განმარტებას, თუ რატომ უნდა დაუწესდეთ საპენსიო დანამატები ცესკოს თანამშრომლებს.

კანონპროექტის მეთოთხმეტე მუხლში წერია:

  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, ან თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი.
  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის კომპენსაციის ოდენობაა იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის მესამედი.

რამდენი იქნება ცესკოს თანამშრომლის საპენსიო დანამატი:

საქსტატის მონაცემებით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანის საშუალო თვიური ხელფასი 1342 ლარია. ამ თანხის 1/3 447 ლარი და 50 თეთრია. თუმცა რიგ შემთხვევებში ცესკოსთვის განკუთვნილი დანამატები ამაზე რამდენჯერმე უფრო მრავალრიცხოვანი იქნება. განსაკუთრებით კი ცესკოს მენეჯმენტისთვის, რადგანაც მათი ხელფასები საჯარო სექტორში არსებულ საშუალო ხელფასებს რამდენჯერმე აღემატება. მაგალითად თამარ ჟვანიამ 2015 წლის დეკლარაციაში ხელფასის სახით აღებული 154 ათასი ლარი მიუთითა. ამ თანხის მესამედი კი საკმაოდ სოლიდური კომპენსაცია გამოდის. 

კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყანაში ხანდაზმულობის პენსია 180 ლარს შეადგენს.

მსგავსი ტიპის კომპენსაციით ყოფილი დეპუტატებიც სარგებლობენ. დეპუტატობის კომპენსაცია თვეში დაახლოებით 500 ლარია.

კომენტარები