სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ნადირაშვილი: გომელაურმა დამიდასტურა, რომ წულუკიანის ქმარი სუს-ში დაასაქმეს

ირმა ნადირაშვილი
ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატის ირმა ნადირაშვილის თქმით, სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა დაუდასტურა, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ქმარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაასაქმეს. ნუგზარ კაკულია 2016 წლის სექტემბრამდე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი იყო. ნადირაშვილი აღნიშნავს, რომ იუსტიციის მინისტრთან ქორწინების შემდეგ, კაკულიას სუს-ში დააწყებინეს მუშაობა.

"ამაზე ინფორმაცია მქონდა. პარლამენტის სხდომაზე ვახტანგ გომელაურს ვკითხე და მან თქვა, რომ კაკულია არის კვალიფიციური კადრი და სამსახურში აიყვანეს. მე ვთვლი, რომ მთავრობამ იზრუნა წულუკიანის მეუღლის დასაქმებაზე" - თქვა დეპუტატმა.

დღეს სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. ქართული ოცნების დეპუტატების გადაწყვეტილებით, გომელაურის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პლენარული სხდომა, სადაც სუს-ის უფროსს ოპოზიცია კითხვებს უსვამდა, დაიხურა.

კომენტარები