საკონსტიტუციო კომისია

"საქართველო არის სოციალური სახელმწიფო" - საკონსტიტუციო კომისია პროექტს ავრცელებს

idfi.ge

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ წევრებს სამუშაო ჯგუფების სხდომების საფუძველზე მომზადებული კონსტიტუციის რედაქციის პროექტს უგზავნის. დოკუმენტს საკონსტიტუციო კომისიის წევრები კენჭს 22 აპრილს უყრიან. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიღებულ დოკუმენტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან და "საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის" საქართველოს მოქალაქეებს წარუდგენენ. 

კონსტიტუციის პროექტით, "საქართველო არის სოციალური სახელმწიფო". მე-5 მუხლის თანახმად, "სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე".

დოკუმენტში არის ჩანაწერი ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის კავშირზე. აღსანიშნავია, რომ ეს ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება იყო. 30-ე მუხლის თანახმად, "ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას".

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, კონსტიტუციის პროექტით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე "შესაბამისი პირობების" შექმნის შემდეგ, პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა - რესპუბლიკის საბჭო და სენატი.

"რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი. შესაბამისი პირობების შექმნამდე, პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან" - ნათქვამია პროექტში.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის თანახმად, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს მხოლოდ ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო. 

"პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო" - წერია დოკუმენტში.

კონსტიტუციის პროექტით, უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი. პროექტის მიხედვით, "საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ". პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება პარლამენტის შენობაში.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ერთი და იმავე პირის ომბუდსმენად ორჯერ არჩევა დაუშვებელია. აღსანიშნავია, რომ ამ დებულებას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არ ეთანხმება. 

საქართველოს კონსტიტუციაში ჩნდება ჩანაწერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე. გარდამავალი დებულებით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდიოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მოძრაობამ "სახელმწიფო ხალხისთვის", დემოკრატიულმა მოძრაობამ და პატრიოტთა ალიანსმა. ევროპული საქართველოს დეპუტატის სერგი კაპანაძის თქმით კი, "ველოდებით ბოლო "დრაფტს". თუ ეს ყველაფერი ასევე დარჩა, არანაირი აზრი აღარ ექნება საკონსტიტუციო კომისიაში დარჩენას".

კომენტარები