ცესკო

კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარე პენსიასთან ერთად თვეში 560 ლარს მიიღებს

ტაბულა

პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პენსიასთან ერთად 560 ლარიანი დანამატი დაენიშნება. ცვლილება სახელმწიფო "კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის" შესახებ კანონში შედის. ცვლილების მიხედვით, საპენსიო დანამატს მიიღებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომლები. კანონპროექტის ინიციატორი თავად ცესკოა. 

კანონპროექტის მიხედვით:

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი არანაკლებ 6 თვისა იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი.
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, ან თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი.
  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის კომპენსაციის ოდენობაა იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის მესამედი.

იმის მიუხედავად, რომ კანონპროექტში წერია, რომ ცესკოს თანამშრომელს მისი ანაზღაურების 1/3-ის კომპენსაცია დაენიშნება, სინამდვილეში ეს ბოლომდე ასე არ იქნება. საქმე იმაშია, რომ "კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონი ადგენს კომპენსაციის 560 ლარიან ლიმიტს. ამაზე მაღალი კომპენსაციის დაწესება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევით, ცესკოს კანონპროექტი კი ამ გამონაკლისის ცვლილებას არ ითვალისწინებს.

ვინ რა ოდენობის "კომპენსაციას" მიიღებს:

2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკარტიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით "ცესკოს წევრთა და თანამშრომელთა ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ანგარიში", რომელშიც ცესკოს თანამშრომელთა ხელფასები, პრემიები და დანამატებია შესწავლილი. კვლევა ცესკოსგან გამოთხოვილ საჯარო ფინანსურ დოკუმენტაციას ეფუძნება. კვლევის მიხედვით:

  • ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი - თვეში 5500 ლარი, თანხის 1/3-ია 1833 ლარი და 30 თეთრი, თუმცა კანონმდებლობის ლიმიტის გამო მას 560 ლარიანი კომპენსაცია დაენიშნება
  • თავმჯდომარის მოადგილე - თვეში 4700 ლარი, თანხის 1/3 1566 ლარი, თუმცა კანონმდებლობის ლიმიტის გამო მას 560 ლარიანი კომპენსაცია დაენიშნება
  • კომისიის მდივანი - თვეში 4600 ლარი, თანხის 1/3 1533 ლარი, თუმცა კანონმდებლობის ლიმიტის გამო მას 560 ლარიანი კომპენსაცია დაენიშნება
  • კომისიის წევრი - თვეში 3900 ლარი, თანხის 1/3 1300 ლარი, თუმცა კანონმდებლობის ლიმიტის გამო მას 560 ლარიანი კომპენსაცია დაენიშნება
  • დეპარტამენტის უფროსი - თვეში 3000 ლარი, თანხის 1/3 1000 ლარი, თუმცა კანონმდებლობის ლიმიტის გამო მას 560 ლარიანი კომპენსაცია დაენიშნება
  • განყოფილების უფროსი - თვეში 2300 ლარი, თანხის 1/3 766 ლარი, თუმცა კანონმდებლობის ლიმიტის გამო მას 560 ლარიანი კომპენსაცია დაენიშნება
  • მესამე კატეგორიის სპეციალისტი - თვეში 1700 ლარი, თანხის 1/3 566 ლარი, თუმცა კანონმდებლობის ლიმიტის გამო მას 560 ლარიანი კომპენსაცია დაენიშნება
  • მეორე კატეგორიის სპეციალისტი - თვეში 1450 ლარი, თანხის 1/3 483 ლარი
  • პირველი კატეგორიის სპეციალისტი - თვეში 1150 ლარი, თანხის 1/3 383 ლარი

კომენტარები