საქართველოს კონსტიტუცია

კონსტიტუციის რედაქციის პროექტი - პრეზიდენტს აირჩევს 300 ხმოსანი

საქართველოს 1921 წლი კონსტიტუცია
wikipedia.org

საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უქმდება. დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ვადები - რომელი წლიდან აირჩევს პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია. საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტს კომისიის წევრები კენჭს 22 აპრილს უყრიან.  

დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია, "რომლის შემადგენლობაშიც შედის 300 ხმოსანი".

"მათ შორის, საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. სხვა ხმოსნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვრული კვოტების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია" - ნათქვამია პროექტში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის შენობაში.

"საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს არა ნაკლებ 30 ხმოსანს. ერთ ხმოსანს უფლება აქვს, მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. ერთ ხმოსანს შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმოსანთა სრული შემადგენლობის უმრავლესობისა. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ხმოსანთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი" - წერია პროექტში.

თუ არჩევნები არ შედგა ან ამომრჩეველთა კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი ვერ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი, ხელახალ არჩევნებს კი, პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, მას შემდეგ, რაც დოკუმენტს საკონსტიტუციო კომისიის წევრები კენჭს უყრიან, მიღებულ დოკუმენტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან და "საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის" საქართველოს მოქალაქეებს წარუდგენენ. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მოძრაობამ "სახელმწიფო ხალხისთვის", დემოკრატიულმა მოძრაობამ და პატრიოტთა ალიანსმა. ევროპული საქართველოს დეპუტატის სერგი კაპანაძის თქმით კი, "ველოდებით ბოლო "დრაფტს". თუ ეს ყველაფერი ასევე დარჩა, არანაირი აზრი აღარ ექნება საკონსტიტუციო კომისიაში დარჩენას". პარტია, სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებებს განცხადებას, კომისიის დატოვების შესახებ.

კომენტარები