საქართველოს კონსტიტუცია

პროექტით, კონსტიტუციაში აღარ ეწერება პარლამენტის ადგილსამყოფელი

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის პროექტით, დოკუმენტში აღარ არის განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი. 

მოქმედი რედაქციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 თავის 48-ე მუხლის მიხედვით, "საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქუთაისი". საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებულ პროექტში ეს ჩანაწერი აღარ არის.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ წევრებს სამუშაო ჯგუფების სხდომების საფუძველზე მომზადებული კონსტიტუციის რედაქციის შეთანხმებული პროექტი დღეს საღამოს გადაუგზავნა. დოკუმენტს საკონსტიტუციო კომისიის წევრები კენჭს 22 აპრილს უყრიან. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიღებულ დოკუმენტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან და "საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის" საქართველოს მოქალაქეებს წარუდგენენ. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მოძრაობამ "სახელმწიფო ხალხისთვის", დემოკრატიულმა მოძრაობამ და პატრიოტთა ალიანსმა. ევროპული საქართველოს დეპუტატის სერგი კაპანაძის თქმით კი, "ველოდებით ბოლო "დრაფტს". თუ ეს ყველაფერი ასევე დარჩა, არანაირი აზრი აღარ ექნება საკონსტიტუციო კომისიაში დარჩენას". პარტია, სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებებს განცხადებას, კომისიის დატოვების შესახებ.

კომენტარები