რუსეთი

პუტინის კრიტიკოს ჟურნალისტს თავს დაესხნენ, ის 6-კვირიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

refrl.org/YouTube

პეტერბურგში რუს ჟურნალისტ ნიკოლაი ანდრუშჩენკოს, რომელიც პუტინის ხელისუფლების კრიტიკით იყო გამორჩეული, უცნობი პირები თავს დაესხნენ და სცემეს. გაზეთ "ახალი პეტერბურგის" თანადამფუძნებელი თავდასხმიდან 6 კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, დღეს კი გარდაიცვალა.

თავდამსხმელების ვინაობა ამ ეტაპზე დაუდგენელია, თუმცა "ახალი პეტერბურგის" რედაქტორი დენის უსოვი ანდრუშჩენკოზე თავდასხმას პეტერბურგში არსებული კორუფციის შესახებ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიებს უკავშირებს.

ნიკოლაი ანდრუშჩენკომ, რომელიც 1990-დან 1993 წლამდე პეტერბურგის მუნიციპალური საბჭოს წევრიც იყო, სახელი ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კრიმინალზე წერით გაითქვა. 2007 წელს ანდრუშჩენკო რამდენიმე დღით დააპატიმრეს კიდეც. მას ბრალი ედებოდა პეტერბურგში მომხდარი ერთ-ერთი ცნობილი მკვლელობის გამოძიების გაშუქების დროს მართლმსაჯულების დისკრედიტაციასა და მართლმსაჯულების ასრულებისთვის ხელის შეშლაში, თუმცა ანდრუშჩენკოს კოლეგები მაშინ მის დაკავებას, მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების წინ ადგილობრივი ავტორიტეტების კრიტიკისას უკავშირებდნენ. ანდრუშჩენკოს რამდენიმე დღის იზოლატორში გატარება მოუწია, სადაც არტერიული წნევის მოულოდნელად მომატების მიუხედავად, მას სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, ანდრუშჩენკო ისეთ კამერაში იყო მოთავსებული, სადაც ტემპერატურა ნული გრადუსი იყო და ამ ყველაფრის შემდეგ მისი ჯანმრთელობა სერიოზულად გაუარესდა.

ანდრუშჩენკოს დაკავებასა და მისდამი მოპყრობას ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია, რის გამოც ყაზახეთში დაბადებულმა ჟურნალისტმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

აღსანიშნავია, რომ უცნობი პირები ნიკოლაი ანდრუშჩენკოს თავს 2016 წლის ნოემბერშიც დაესხნენ.

კომენტარები