რუსული პროპაგანდა

TI-ის ინიციატივით, პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ პრორუსული აგიტაცია უნდა აიკრძალოს

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის,  ორგანიზაცია პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებას წარადგენს , რომლის მიხედვითაც უნდა აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის რეკლამის გადაცემა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ან ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს. ეკა გიგაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონში არსებული ხარვეზი გამოსწორდეს და ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ. 

„ჩვენ ვფიქრობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში დარეგულირდეს ჩვენი კანონმდებლობით პრორუსული პროპაგანდა, რომელიც შეიძლება აწარმოოს პოლიტიკურმა პარტიამ. დღეს ჩვენს კანონმდებლობაში ეს ყველაფერი შესაბამისად რეგულირებული არ არის და ნებისმეირ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია განათავსოს რეკლამა, რომლის მიზანიც შეიძლება იყოს მაგალითად, საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების ლეგალიზაცია. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, მითუმეტეს, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მნიშვნელოვანია, რომ ეს ხარვეზი გამოსწორდეს ჩვენს კანონმდებლობაში. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი რუსეთის პროპგანდის წინააღმდეგ, იცით რომ ისინი ძალიან აქტიურობენ საქართველოში, მათ შორის სხვადახვა ჯგუფების და მედიის მეშვეობით. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მაშინ როდესაც საქმე შეეხება არჩევნებს და პოლიტიკური პარტიის აგიტაციას, მათ აეკრძალოთ ისეთი ტიპის აგიატაცია, რომლის მიზანიც იქნება რუსეთის გზავნილის გავრცელება და რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაკანონება საქართველოში.“- ამბობს გიგაური.

TI-ის საკანონმდებლო წინადადება რამდენიმე კანონში ითვალსიწინებს ცვლილებას, მათ შორის, კანონში მაუწყებლობის შესახებ, საარჩევნო კოდექსში, კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და კანონში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ. ორგანიზაცია ცვლილებათა პაკეტს პარლამენტში დღეს შეიტანს.

კომენტარები