საკონსტიტუციო კომისია

კონსტიტუციის პროექტით, მთავრობა მოქალაქეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იზრუნებს

benjielayug.com

"სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით", - წერია საქართველოს კონსტიტუციის პროექტში. ეს ჩანაწერი კონსტიტუციის მეხუთე მუხლში გაჩნდება.

ამ დროისთვის უცნობია თუ რა პრაქტიკული შინაარსი გააჩნია ჩანაწერს სახელმწიფო "ზრუნავს მოქალაქის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე", კონსტიტუციაში დამატებითი მითითება თუ რომელი კანონი არეგულირებს მოსახლეობის "საცხოვრისით უზრუნველყოფას" არ წერია.

რას ნიშნავს სიტყვა "ზრუნვა" და არის თუ არა ის რაიმე უფლება:

"ზრუნვა" თავისი მნიშვნელობით არ ნიშნავს, რომ ზრუნვის საგანი რაიმე სახის უფლებას წარმოადგენს. კონსტიტუციით, ყველა მოქალაქისთვის გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, საკუთრების უფლება, მემკვიდრეობის უფლება. ზრუნვა კი საერთოდ არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო მოქალაქეს რაიმე უფლებას ანიჭებს. შესაბამისად ჩანაწერი არ გულისხმობს, რომ "ღირსეული საცხოვრებელი" ქვეყანაში ახალი ტიპის უფლებაა. კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, მთავრობის ზრუნვის საგანს წარმოადგენს მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური განვითარება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას რამე დამატებითი უფლებები აქვთ მინიჭებული.

უცნობია რას ნიშნავს "ღირსეული საცხოვრებელი პირობები" და ისიც რა სტანდარტი არეგულირებს მას, ასევე უცნობია ნიშნავს თუ არა ამ მუხლის ჩანაწერი იმას, რომ სახელმწიფო მათ ვისაც არ აქვს "ღირსეული საცხოვრებელი" ამ პირობებს ბიუჯეტის მეშვეობით შეუქმნის.

საყურადღებოა ის გარემოებაც რომ იმ შემთხვევაში თუ მთავრობა დაგეგმავდა ყველა მოქალაქის "ღირსეული საცხორებლით უზრუნველყოფას" სავარაუდოდ კონსტიტუციის პროექტში გარკვეულ მინიშნებას მაინც გააკეთებდა, რომელიმე კანონსა თუ ორგანულ კანონზე, რომლითაც ამ საკითხს დაარეგულირებდა. ასევე სიტყვა ზრუნვის ნაცვლად გამოიყენებდა სიტყვა უფლებას.

რა იცვლება კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში:

ჩანაწერი, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის საარსებო მიმინუმით უზრუნველყოფაზე დღესაც მოქმედებს:

მუხლი 32

"სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით"- წერია მოქმედ რედაქციაში.

სინამდვილეში ამ ჩანაწერის არსებობის მიუხედავად, სახელმწიფო სოციალური გასაცემლები (პენსიები, კომპენსაციები, დევნილობის შემწეობა და სხვა) პირდაპირ საარსებო მინიმუმზე არაა ინდექსირებული. გასული წლების მანძილზე ხშირი იყო შემთხვევები, რომ ხანდაზმულობის პენსია საარსებო მინიმუმს ჩამოუვარდებოდა. დღესაც, მაგალითად მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსია საარსებო მინიმუმზე 69 ლარითაა ნაკლები და 100 ლარს შეადგენს, აღნიშნული თანხა კი ათასობით მოქალაქის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

მოქმედ რედაქციაში წერია "სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში", - განახლებულ რედაქციაში კი უნდა ჩაიწეროს "სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეთა დასაქმებაზე". საგულისხმოა, რომ კონსტიტუციის პროექტში ამოვარდნილია სიტყვა "უმუშავარი მოქალაქე", შესაბამისად მისი ტექსტი მოქმედ რედაქციასთან შედარებით უფრო ბუნდოვანია.

კონსტიტუციის პროექტი არსებული რედაქციის ტექტს განავრცობს და მას უმატებს წინადადებას ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რომელიც კონსტიტუციის არსებულ რედაქციაში განსხვავებულადაა ფორმულირებული. 

მოქმედი რედაქციით, წერია:

მუხლი 37

"ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება."

კონსტიტუციის პროექტში კი ეს მუხლი გაყოფილია, მისი პირველი ნაწილი სადაც დაზღვევის შესახებაა საუბარი 28-ე მუხლშია გადატანილი, ის ნაწილი კი სადაც უფასო ჯანდაცვაზეა საუბარი შეცვლილია და შინაარსობრივად კონსტიტუციის განახლებულ, მეხუთე მუხლშია თავმოყრილი. ამ მუხლის სახელია "სოციალური სახელწმიფო" და ის სავარაუდოდ არის ქართული ოცნების მინიშნება, რომ მოქმედი ხელისუფლება "სოციალური სამართლიანობის" ჩამოყალიბებაზე ზრუნავს.

კომენტარები