აშშ-ირანი

რექს ტილერსონმა ირანის ხელისუფლება ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა

Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ირანის ხელისუფლება ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა.

"ირანი მსოფლიოში ტერორიზმის წამყვანი სპონსორი სახელმწიფოა. ირანი ძირს უთხრის აშშ-ის ინტერესებს ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის სირია, იემენი, ერაყი და ლიბანი. ირანი განაგრძობს ისრაელზე თავდასხმების მხარდაჭერას. ირანი პასუხისმგებელია მსოფლიოში უამრავი კონფლიქტის გამწვავებაზე. ასეთი ირანი შესაძლოა იმავე გზით წავიდეს, რა გზითაც ჩრდილოეთ კორეა წავიდა. ირანი ტერორიზმისა და ძალადობის ექსპორტირებას ახდენს და ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზირებას იწვევს. ისინი დახმარებას უწევენ ასადის რეჟიმს, რომელიც სასტიკად უსწორდება თავის ხალხს. გარდა ამისა ირანის ხელისუფლება ისრაელში ჰამასისა და სხვა პალესტინური დაჯგუფებების ტერორისტებს იარაღითა და დაფინანსებით უზრუნველყოფს“, - თქვა რექს ტილერსონმა.

ტილერსონმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა ირანთან 2015 წელს მიღწეული შეთანხმება ბირთვული პროგრამის შესახებ. 

"ირანის ბირთვული ამბიციები საფრთხეს წარმოადგენს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. აღნიშნულმა შეთანხმებამ მიზანს ვერ მიაღწია. მან მხოლოდ გადადო ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცევა" - აღნიშნა ტილერსონმა.

კომენტარები