მედია საფრანგეთში

Bakamo: სოციალური ქსელის ფრანგი მომხმარებლების გაზიარებული ყოველი 4 ბმულიდან 1 ყალბია

amazonaws.com

სოციალოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, ფრანგი სოციალური მედიის მომხმარებლების მიერ გაზიარებული ყოველი 4 ბმულიდან 1 ყალბი ინფორმაციის შემცველია.

კვლევის თანახმად, ცრუ ინფორმაციის შემცველი ახალი ამბები რუსული მედიის, მათ შორის - Russia Today-ს და Sputnik-ის გავლენის ქვეშ იყვნენ.

"კვლევამ გამოავლინა, რომ საგარეო გავლენა დაკავშირებული იყო რუსეთთან. რუსეთის გარდა, არცერთი ქვეყნის გავლენა დადასტურებული არ არის",-ნათქვამია Bakamo-ს კვლევაში.

ბმულების 19,2 % არ იცავდა ჟურნალისტურ სტანდარტებს, 5 % შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, შეიცავდა მითოლოგიურსა და თეოლოგიურ ნარატივს.

ცრუ ინფორმაციის შემცველ ახალ ამბებში დადებით კონტექსტში აშუქებდნენ ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პოლიტიკოსებს - მარინ ლე პენს, ჟან ლუკ მელანშონს, ფრანსუა ასელინოს და ფილიპ პუტუს.

ასევე, დადებით კონტექსტში იყო გაშუქებული საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ფრანსუა ფიიონი. აღსანიშნავია, რომ ფიიონის საგარეო პოლიტიკა ღიად პრორუსულია. ის მხარს არ უჭერს NATO-ს საზღვრების რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას, ევროკავშირს კი რუსეთისადმი სანქციების დაკისრებაში არ ეთანხმება.

სოციალური კვლევა ბრიტანულმა კომპანია Bakamo-მ ჩაატარა. ჩატარებული კვლევის ფარგლებში, Bakamo-მ 1 ნოემბრიდან 4 აპრილის პერიოდში 800 ვებგვერდი და 8 მილიონი ბმული გამოიკვლია.

კომენტარები