ვიქტორ ორბანის ვიზიტი

უნგრეთის პრემიერმინისტრს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციით ხვდებიან

0 კომენტარი

თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან" უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციით ხვდებიან.

უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და მხარდამჭერები CEU-ს წინააღმდეგ მიღებულ კანონს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ეს არის უნგრეთის პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯი.

“ქართული იდეის” წარმომადგენლები კი, კონტრაქციას მართავენ და აცხადებენ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი არის სოროსის მორიგი პროექტი, რომელიც „ეროვნულობას ანადგურებს".

ფოტო: ტაბულა

ორი აქციის მონაწილეებს შორის, სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” უნგრეთის პრემიერმინისტრი და საქართველოს პრემიერმინისტრი ბიზნესფორუმს დაესწრებიან. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოებას აკონტროლებენ.

უნგრეთის პარლამენტმა 123 ხმით დაამტკიცა კანონი [lex CEU], რომელიც რეალურად, მხოლოდ ერთ ინსტიტუციას-ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს [CEU] მიემართება. დამტკიცებული კანონის მიხედვით, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და, სავარაუდოდ, დაიხურება.

პარლამენტს ანგარიში უნგრეთის ადამიანის რესურსების მინისტრმა ზოლტან ბალოგმა წარუდგინა. მინისტრის ანგარიშის მიხედვით, უნგრეთში რამდენიმე უნივერსიტეტი "უკანონოდ" ფუნქციონირებს და ხელისუფლებამ უკვე გამოავლინა "დარღვევები" რამდენიმე უცხოურ უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის დასაცავად ბუდაპეშტში მანიფესტაციები იმართება.

უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი, ევროკავშირის საზღვრებს გარეთ დარეგისტრირებულ უნივერსიტეტებს უნგრეთში გაურთულებს დიპლომების კურსდამთავრებულებისთვის გაცემას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, ანდჟეი დუდა იურიდიულ რეფორმებს ვეტოს დაადებს

კომენტარები