რელიგიის თავისუფლება

კონსტიტუციაში რწმენის თავისუფლება ეკლესიის განსაკუთრებულობის დათქმით იზღუდება

0 კომენტარი
მთავრობა სამების საკათედრო ტაძარში

ახალი კონსტიტუციის პროექტით რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება დამოუკიდებლად აღარ არსებობს და ის მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების დათქმით იზღუდება.

პროექტის მე-8 მუხლით:

"რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად, სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან".

ჩანაწერში გამქრალია მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის ფორმულირება "სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას" - რომელიც აზუსტებსა რწმენის თავისუფლების აბსოლუტურებას. აღმსარებლობის თავისუფლების ჩანაწერის შეკვეცის მიუხედავად, უცვლელი დარჩა მუხლის შემდგომი ფორმულირება: "ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან".

კონსტიტუციის მეცხრე მუხლის მეორე ნაწილი, სადაც საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის ურთიერთობა განისაზღვრება, ასევე შეკვეცილია. არსებული რედაქციით:

"საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით. კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში".

პროექტში ამოღებულია დაზუსტება, რომელიც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს აზუსტებს: "ერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში".

ამასთან ერთად, შეკვეცილია მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლი, რომელიც ადგენს, რომ:

1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.

2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.

რედაქციიდან ამოღებულია “სიტყვის, აზრის, და აღმსარებლობის” ჩანაწერი და მოცემულია შემდეგნაირად:

მუხლი 16. რწმენისა და სინდისის თავისუფლებები

1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენისა და სინდისის თავისუფლება.

2. დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება რწმენის ან სინდისის შესახებ.

3. დაუშვებელია რწმენისა და სინდისის თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, რეფორმაციიდან 500 წლის შემდეგ

კომენტარები