ქართული ოცნება

პრემიერი: 5 წელი გავიდა, რაც ივანიშვილის მეთაურობით ქართული ოცნება დაფუძნდა

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

"დღევანდელ დღეს, 5 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაფუძნდა ახალი პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რომელიც დაუპირისპირდა რეპრესიულ მმართველობით სისტემას", - ასე იწყება პრემიერის მიმართვა, რომელიც ქართული ოცნების 5 წლის იუბილეს ეძღვნება. კვირიკაშვილი არსებული მდგომარეობით ქართული ოცნების თავმჯდომარეა.

"პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურ სივრცეში გამოჩენამ გააჩინა იმედი იმისა, რომ სწორედ ეს პოლიტიკური ძალა ხალხთან ერთად დაამარცხებდა მოძალადე ხელისუფლებას და სახელმწიფო ნორმალური განვითარების გზას დაადგებოდა.

5 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ახლადშექმნილ პოლიტიკურ ძალასთან ერთად დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა და, თვეების განმავლობაში რეპრესიების, დარბევების, უკანონო დაპატიმრებების მიუხედავად, უსისხლოდ, ბრძოლის ერთადერთი იარაღით - პოლიტიკური მეთოდებით, არჩევნების გზით დაამარცხა არსებული რეჟიმი.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გახდა ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში დაიწყო რეალური დემოკრატიული ცვლილებები. ჩვენ პარტიას დღესაც ერთი მიზანი გვამოძრავებს - ეს არის ერთიანი, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო, სახელმწიფო, რომელიც თითოეული მოქალაქის უფლებებისა და კეთილდღეობისთვის ზრუნავს", - წერია პრემიერის მიმართვაში.

კომენტარები