აქცია ბათუმში

არეულობის ორგანიზების ბრალდებით ირაკლი ჩხვირკვია და მერაბ ღოღობერიძე დააკავეს

აქცია ბათუმში

ამა წლის მარტში, ბათუმში არეულობის ორგანიზების ბრალდებით თავისუფალი ზონის ყოფილი წევრი, ირაკლი ჩხვირკვია და კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე დააკავეს. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს, ბრალი ედებათ სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს - ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმას. 

ირაკლი ჩხვირკია 11-12 მარტს ბათუმში გამართულ აქციაზე იმყოფებოდა. მან ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. ჩხვირკიამ საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომა და შსს–დან მისი გათავისუფლება, ასევე, აქციის მონაწილეებისათვის ხელშეუხებლობა მოითხოვა. მან ხელისუფლებას ამისთვის 1.5 საათი მისცა. ერთი დღის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ ჩხივრკვია პარტიიდან გარიცხეს. 

"ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიასთან შეუთანხმებლად ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც არ გამოხატავდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები ენმ-ის პოზიციის საწინააღმდეგო იყო. ამ დროისთვის ირაკლი ჩხირკვია პარტიიდან გარიცხულია", - აღნიშნულია ენმ-ის 13 მარტის განცხადებაში.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია ხელმძღვანელ მერაბ ღოღობერიძეს, ერთი თვის წინ, ის ტაბულასთან საუბარში უარყოფდა არეულობის ორგანიზაციას

"აქცია საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული. მაბრალებენ მე და ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას. ჩემი ორგანიზებული რომ ყოფილიყო, მინიმუმ დაკითხვაზე ვიქნებოდი დაბარებული. ჩვენ ვაანონსებდით ადრე აქციებს და ბუხრაძის შესახებ ინფორმაციას ვაწვდიდით ხელისუფლებას, გენერალურ ინსპექციას, შს მინისტრს... მე არ ვიყავი ამ აქციის ორგანიზატორი. დარწმუნებული ვარ, ასე რომ ყოფილიყო, დამაპატიმრებდნენ. ზოგიერთი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რესპუბლიკური პარტიის წევრები, არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.

ხალხის გაღიზიანება პოლიციელის მხრიდან მოქალაქის ცემას მოჰყვა. აგრესიულად იყვნენ განწყობილები. საზოგადოება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას აპროტესტებდნენ. ასევე, კახაბერ ბუხრაძე ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მან თქვა, "თათრებს ვასწავლეთ ჭკუაო", - თქვა ღოღობერიძემ ტაბულასთან საუბარში 12 მარტს.

მერაბ ღოღობერიძე წარსულში კახა კუკავას პარტიის, "თავისუფალი საქართველოს" წევრი იყო. ღოღობერიძე არის აქტივისტი და ხშირად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში. 2016 წელს ის აქციებს მართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის წინააღმდეგ. ამავე წელს, სარფის საბაჟოზე ფეხსაცმელი ესროლა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ვარშალომიძეს, რის გამოც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

კომენტარები