ქარი

ძლიერმა ქარმა რეგიონები დააზარალა, არის მსხვერპლიც

0 კომენტარი

ძლიერმა ქარმა რეგიონები დააზარალა. სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. არის მსხვერპლიც. კერძოდ, ოზურგეთში მამაკაცი სახლის სახურავზე ასვლას და ქარისგან მიყენებული ზიანის გასწორებას ცდილობდა, გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის თქმით, მას კიბე მოუცურდა და ადგილზე გარდაიცვალა. ქარის გამო, ფიზიკური დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა მოქალაქემ. მას ხე დაეცა და ხერხემლის მალები დაუზიანდა.

რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, გრიგალმა მრავალბინიან და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე მოგლიჯა ხეები და დააზიანა ავტომობილები. ასევე, დაზიანდა გაზმომარაგების მილსადენები და ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები. მისი თქმით, მხოლოდ ქალაქში, 150-ზე მეტი სახლია დაზიანებული.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ცნობით კი, სტიქიამ წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში ხუთ მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ასევე დაზიანდა 30-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი სოფლებში. სტიქიის გამო წალენჯიხის მუნიციპალტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი.

ძლიერმა ქარმა ზუგდიდიც დააზარალა. ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, რამაც ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია. ამის გამო ქალაქს და 20-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ქარმა რამდენიმე სახლს სახურავიც გადახადა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ძლიერი ქარის შედეგად ათზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, მოგლეჯილია რამდენიმე მრავალწლოვანი ხე. 

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, აჭარაში, სოფელ ჭარნალში ქარიშხალმა საცხოვრებელი სახლი დაშალა. გონიოში კი, საპატრულო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რომელიც სამ ავტომობილს დაეცა. ერთ-ერთი დაზიანებული ავტომობილი საპატრულო პოლიციისაა. 

რაც შეეხება თბილისს, ძლიერი ქარის გამო, გუშინ ღამით თბილისი-სტამბოლის მიმართულებით TURKISH AIRLINES-ის რეისი გაუქმდა. გარდა ამისა, თელ-ავივიდან მომავალი თვითმფრინავი თბილისში 3 საათის დაგვიანებით ჩამოფრინდა, მანამდე კი, ერევანში მოუწია დაჯდომა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები