იარაღის უკანონო ტარება

პრეზიდენტის ცოლისძმას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის ცოლისძმა მიხეილ მგალობლიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მგალობლიშვილს ბრალად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედებოდა.

”ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა დაადასტურა აღნიშნული ნივთების შენახვა და ტარება, თუმცა მიუთითა, რომ ისინი მემკვიდრეობით მიიღო მამისგან. მიუხედავად ნივთის შეძენის ფორმისა, სასამართლომ მიხეილ მ. დამნაშავედ ცნო, რადგან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, როგორც სამოქალაქო, თავისუფალი ბრუნვიდან ამოღებული ნივთები, ექვემდებარება სპეციალურ აღრიცხვას და შესაბამისი უფლების რეგისტრაციას”, - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო. 

საქმის მასალების თანახმად, "2017 წლის 11 იანვარს, მიხეილ მგალობლიშვილის ჩხრეკისას, ამოიღეს ბრაუნინგის კონსტრუქციის 1922 წლის მოდელის 7.65 მმ-იანი კალიბრის პისტოლეტი ერთი მჭიდით, მასში მოთავსებული 1900 წლის ნიმუშის 7.65მმ კალიბრის ერთი ცალი ვაზნით. ასევე, მიხეილ მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ამოიღეს ქარხნული წესით წარმოებული, 1934 წლის 7.65 მმ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გადაკეთებულია 1951 წლის ნიმუშის 9მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად. აღნიშნული ნივთები, შესაბამისად, მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის კატეგორიას”.

კომენტარები