მშენებლობა

2008 წლამდე დაწყებული მშენებლობებისთვის საგადასახადო შეღავათი 2 წლით გახანგრძლივდა

ტაბულა

პრემიერმინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2008 წლამდე დაწყებული მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ორი წლით გახანგრძლივდება. საგადასახადო კოდექსის დღეს მოქმედი ჩანაწერის მიხედვით, ამ შეღავათების მოქმედების ვადა 2018 წლის პირველ იანვარს სრულდება, ცვლილება კი მას 2020 წლამდე ახანგრძლივებს. საგადასახადო კოდექსი ამ მშენებლობებს დღგ-სგან ათავისუფლებს.

"ასევე ცვლილებები ეხება სამშენებლო სექტორსაც და ორი წლით გახანგრძლივდება დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები. დღეისათვის 2017 წლის ბოლომდე 65 მილიონი დოლარის ინვესტიციის მშენებლობების დასრულება იგეგმება და ეს შეღავატები კიდევ ხელს შეუწყობს დაუსრულებელი მშენებლობების განახლებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას",- ამბობს პრემიერი.

პარლამენტმა კანონი, რომელიც ამ მშენებლობებს გადასახადისგან ათავისუფლებს 2015 წლის 20 მარტს მიიღო და ის მაშინდელი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას წარმოადგენდა. ღარიბაშვილი კანონის აუცილებლობას ასე ხსნიდა - "2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა და აგვისტოს ომმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია ქართულ სამშენებლო კომპანიებზე და ზოგადად სამშენებლო სექტორზე".

ამ საგადასახადო შეღავათის გახანგრძლივება პირველ რიგში იმ სამშენებლო კომპანიების ინტერესშია, რომლებიც 2018 წლის პირველ იანვრამდე ვერ ასწრებენ მშენებლობის ჩაბარებას. 

კომენტარები