მიხეილ ჩინჩალაძე

NGO-ები იუსტიციის საბჭოს: მიხეილ ჩინჩალაძე მოსამართლედ არ განამწესოთ

მიხეილ ჩინჩალაძე
რუსთავი 2

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის საბჭოს მიმართავენ მოსამართლეობის კანდიდატ მიხეილ ჩინჩალაძესთან დაკავშირებით. ახსენებენ, რომ მას 10 წლის მანძილზე მხოლოდ 250 საქმე აქვს განხილული და მოუწოდებენ, მოსამართლედ არ აირჩიონ.

"2017 წლის 25 აპრილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატთან ბატონ მიხეილ ჩინჩალაძესთან. კანდიდატი 2007 წლის 23 მაისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს  წევრი. ჩვენ დავინტერესდით თუ რამდენი საქმე ჰქონდა განხილული ბატონ მიხეილ ჩინჩალაძეს სამსოსამართლეო საქმიანობის პეროდში 2007 წლიდან დღემდე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის წერილიდან ირკვევა, რომ კანდიდატს ბოლო ათი წლის განმავლობაში განხილული აქვს: 2014 წელს 2 კერძო საჩივარი, 2015 წელს 1 კერძო საჩივარი, ხოლო 2017 წელს 17 საკასაციო საჩივარი, 1 კერძო საჩივარი და 2 გასჯადობის საქმე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამის მონაცემების მიხედვით, ბატონ მიხეილ ჩინჩალაძეს 2007 წლიდან დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული ჯამში 250 საქმის განხილვაში (246 ადმინისტრაციული, 2 სამოქალაქო 2 სისხლი) მაშინ როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს განხილული აქვთ:

ვასილ როინიშვილი 2009 წ. 18 დეკემბრიდან დღემდე 4830 საქმე;

მაია ვაჩაძე 1999 წ. 20 ივლისიდან დღემდე 8640 საქმე;

ეკატერინე გასიტაშვილი 2015 წლის 15 ივნისიდან დღემდე 656 საქმე;

ნუგზარ სხირტლაძე 1999 წ. 20 ივლისიდან დღემდე 7 159 საქმე;

პაატა სილაგაძე 2008 წ. ოქტომბრიდან დღემდე 12 290 საქმე;

გიორგი შვლიაშვილი 2010 წ. 18 ივნისიდან დღემდე 6 527 საქმე;

პაატა ქათამაძე 2010 წ. 18 ივნისიდან დღემდე 4 416 საქმე;

ბესარიონ ალავიძე 2011 წ. 22 თებერვლიდან დღემდე 6 087 საქმე;

ნინო ბაქაქური 2014 წ. 29 ოქტომბრიდან დღემდე 1 235 საქმე;

ზურაბ ძლიერიშვილი 2014 წ. 29 ოქტომბრიდან დღემდე 1 720 საქმე;

მზია თოდუა 2015წ 12 ივნისიდან დღემდე 575 საქმე;

ნინო გვენეტაძე 2015წ. 20 მარტიდან დღემდე 1 825 საქმე", - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

საქართველოს კანონის "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომა, მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. მოსამართლის უპირველეს მოვალეობას კი წარმოადგენს საქმის განხილვა.

არასამთავრობოების განცხადებით, როგორც უზენაესი სასამართლოს მონაცემებით ირკვევა, მოსამართლეობის კანდიდატ მიხეილ ჩინჩალაძეს ათწლიანი სამოსამართლეო საქმიანობის პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული მხოლოდ 250 საქმის განხილვაში, რაც 10 წლის მანძილზე შეადგენს თვეში დაახლოებით ორ საქმეს. ხოლო სხვა მოსამართლეების მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 50-55 საქმეს თვეში, ანუ 25-ჯერ მეტს.

"მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მიხეილ ჩინჩალაძის მიერ განხილული საქმეების აბსოლუტური უმრავლესობა, 88%, 220 საქმე განხილული აქვს 2007-08 წლებში. ჩვენთვის გაურკვეველია როგორ უნდა შეამოწმოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მაგალითად, კანდიდატის კომპეტენტურობა. მოქმედი მოსამართლისა, და მოსამართლეობის კანდიდატ მიხეილ ჩინჩალაძის მიერ ასე მცირე რაოდენობით საქმის განხილვა ვერ იქნება გამართლებული მის მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების (უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) განხორციელებით ვინაიდან, მაგალითად მზია თოდუას, რომელიც ასევე გახლავთ თავმჯდომარის მოადგილე და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ხუთჯერ მცირე დროში განხილულლი აქვს ორჯერ მეტი საქმე. რომ აღარაფერი ვთქვათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ მოსამართლე, რომელიც არ ასრულებს თავის უპირველეს მოვალეობას, საქმის განხილვას, არ იმსახურებს განმეორებით მოსამართლედ გამწესებას. "ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსამართლის მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს. შესაბამისად, მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატ მიხეილ ჩინჩალაძის მოსამართელედ გამწესების თაობაზე", - წერია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საერთაშორისო -გამჭვირვალობა საქართველო და სამართლიანი არჩევნები.

კომენტარები