რელიგიის თავისუფლება

არა ფობიას: რელიგიის სააგენტოს მოთხოვნა სასულიერო პირების სიებზე უკანონოა

არა ფობიას!

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომელიც სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებისგან წერილობით მოითხოვს სასულიერო პირთა სიას მათი სასულიერო ხარისხის მითითებით და ასევე პირად ინფორმაციას მათ შესახებ, პირადობის მოწმობების ასლებისა და საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით (მისამართი, ელფოსტა, ტელეფონი).

არასამთავრობოების მოსაზრებით, ამ ინფორმაციის შეგროვება, მისი დამუშავების მიზნით, უკანონოა და არღვევს საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" მოთხოვნებს. სააგენტომ რელიგიურ გაერთიანებებს ასევე მოსთხოვა მათი საკულტო ნაგებობების სრული სიის გადაცემაც. როგორც წერილში მითითებულია, აღნიშნული ინფორმაცია ემსახურება "რელიგიური რუკის" პროექტის განხორციელებას.

"იქიდან გამომდინარე, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები დაკავშირებულია პირთა რელიგიურ მრწამსთან, დაცულია საქართველოს კანონით "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" – წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელთა დამუშავებაც, მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის გარეშე, აკრძალულია ამავე კანონის მე-6 მუხლით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არა აქვს, მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა განაცხადოს;
  • მონაცემები მუშავდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის ან დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის;
  • მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები მათი გამოყენების აშკარა აკრძალვის გარეშე;
  • მონაცემები მუშავდება პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური ან პროფესიული გაერთიანების ან არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელებისას. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ ამ გაერთიანების/ორგანიზაციის წევრებთან ან პირებთან, რომლებსაც მუდმივი კავშირი აქვთ ამ გაერთიანებასთან/ორგანიზაციასთან;
  • შესაბამისად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს და ახორციელებს საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში, არ აქვს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვების და დამუშავების უფლებამოსილება, ხოლო რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელებს არ აქვთ ზემოაღნიშნული ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდების უფლება შესაბამისი პირების წერილობითი თანხმობის გარეშე", - აცხადებენ ორგანიზაციები.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 19 მარტის განცხადებაში, რომელიც "საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის" შეფასებას ეხებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამდნენ შიშს, რომ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის დამატებითი სამართლებრივი რეგულირება, მათთვის განსხვავებული სამართლებრივი სტატუსების დადგენა და აქედან გამომდინარე, მათი ფინანსური და ქონებრივი საკითხების რეგულირება რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში სახელმწიფოს ჩარევის რისკებს წარმოშობდა.

არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო შესაძლოა, ამ გზით არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების კონტროლის გაძლიერებას ცდილობს.

"გასათვალისწინებელია რომ, რელიგიური გაერთიანებების წინაშე წლების განმავლობაში წამოჭრილი პრობლემების მოგვარების ნაცვლად, სახელმწიფო, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს ხელით, შესაძლოა, ცდილობდეს არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას და მათი სამოქმედო არეალის შეზღუდვას, რაც წინააღმდეგობაში მოდის რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარობის პრინციპებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

სამოქალაქო პლატფორმაში "არა ფობიას!" შემავალი ორგანიზაციები არიან: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი – საქართველო (BBSA) და თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement).

კომენტარები