გამოხატვის თავისუფლება

ქარტია: იუსტიციის საბჭოს ინიციატივა მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობას ჰგავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შეფასებით, მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობას ჰგავს საქართველოს იუსტიციის საბჭოს ინიციატივა, რომ მოსამართლეებთან და მათ საქმიანობასთან მიმართებით გამოხატვის და გაშუქების განსაკუთრებული სტანდარტი დაწესდეს. ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

"იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 26 აპრილს საჯარო განცხადებით მომართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, სადაც "გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე" ქარტიის რეაგირებას ითხოვს.

მისასალმებელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტისთვის საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნის ნაცვლად, რაზეც არაერთხელ ისაუბრეს, მედიის თვითრეგულირების ორგანოს მომართავს, თუმცა, სამწუხაროა, რომ მისი არსი სწორად არ არის გაგებული", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ორგანიზაციის არსს ხსნის.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ისევე, როგორც მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული თვითრეგულირების ორგანოები, შექმნილია პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით და არ ასრულებს სადამსჯელო ფუნქციებს. სწორედ ამიტომ ქარტია იღებს გადაწყვეტილებას, დაირღვა თუ არა ქარტიის რომელიმე პრინციპი სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში და არ ასანქცირებს მის ავტორს.

ვერ დავეთანხმებით უმაღლეს საბჭოს იმაში, რომ ეს "გარემოება ისედაც ნაკლებეფექტიანს ხდის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევებზე რეაგირების სისტემას". არაერთი კვლევა და მედიამონიტორინგის ანგარიში ადასტურებს იმას, რომ 2009 წლიდან, ქარტიის დაფუძნებიდან დღემდე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ეთიკური სტანდარტები მედიაში. ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 5-ჯერ არის გაზრდილი ქარტიაში შემოსული განაცხადების რაოდენობა, საქმის განხილვაში მონაწილეობენ თავად ჟურნალისტებიც, განმცხადებლებიც", - წერია ქარტიის განცხადებაში.

სწორედ ამიტომ, ქარტია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თუ ჩათვლის, რომ ქარტიის რომელიმე პრინციპი დაირღვა, ორგანიზაციას მიმართოს.

"ქარტია საქმეს განიხილავს დადგენილი წესის შესაბამისად, ამიტომაც თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის რომელიმე პრინციპი, მათ შეუძლიათ მომართონ ქარტიას შესაბამისი ფორმით. საჯაროდ გავრცელებული განცხადების საფუძველზე ქარტიის საბჭოს არ შეუძლია საქმის წარმოების დაწყება და ზოგადი მსჯელობის შედეგად ჟურნალისტური სტანდარტების დაცვის ან დარღვევის დადგენა.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეტენზიას, რომ თითქოს ქარტიის პრინციპებში არ არის ასახული "ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის" დებულება ფაქტის განზრახ დამახინჯებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, ფაქტის განზრახ დამახინჯება უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად არის მიჩნეული.

ამას გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებაში მიუთითებს განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტების დადგენის აუცილებლობაზე მაშინ, როცა ქარტიას შემუშავებული აქვს სახელმძღვანელო პრინციპები ე.წ. გაიდლაინები ჟურნალისტებისთვის სასამართლო პროცესის გაშუქების შესახებ", - წერია ქარტიის განცხადებაში.

ორგანიზაციისთვის ასევე გაუგებარია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსაზრება, თითქოს ჟურნალისტებს თვითცენზურისა და თვითშეზღუდვის ვალდებულება ჰქონდეთ.

"აქვე შევახსენებთ, უმაღლეს საბჭოს, რომ ქარტია არამხოლოდ საჯაროდ აქვეყნებს გადაწყვეტილებებს, არამედ არასდროს ერიდება საჯაროდ მოსაზრებების გამოთქმას და დისკუსიის დაწყებას მედიაში არსებული პრობლემების შესახებ. შესაბამისად, დადგენილი წესის შესაბამისად ეხმაურება ყველა მოვლენას, როდესაც საჭიროდ მიიჩნევს.

ქარტიისთვის გაუგებარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსაზრება, თითქოს ჟურნალისტებს თვითცენზურისა და თვითშეზღუდვის ვალდებულება ჰქონდეთ. ქარტია, ისევე როგორც მედიის სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციები პირიქით, ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, რომ ქვეყანაში არამხოლოდ ცენზურა, არამედ ჟურნალისტების თვითცენზურაც არ არსებობდეს, ვინაიდან "თვითცენზურა" წინააღმდეგობაში მოდის თავისუფალი მედიის პრინციპებთან", - წერს ორგანიზაცია განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მიუღებელია იუსტიციის საბჭოს წუხილი, რომ ჟურნალისტები კრიტიკისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცილდებიან.

"საერთო ჯამში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წუხილი, რომ ჟურნალისტები "დასაშვები კრიტიკის" და "გამოხატვის თავისუფლების" ფარგლებს სცილდებიან, მიუღებელია ქარტიისთვის. ქვეყანაში არსებობს გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი, რომლის დაცვა და შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია მედიის თავისუფლებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რაიმე ფორმით შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, არსებული სტანდარტის გაუარესება იქნება.

აქედან გამომდინარე, ქარტია, რომლის მთავარი მიზანია მედიის სტანდარტის გაუმჯობესება, ჟურნალისტების და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების დაცვა, საკუთარ ძალისხმევას მიმართავს სწორედ იქითკენ, რომ ამ მიმართულებით რაიმე შეზღუდვა ქვეყანაში არ დაწესდეს", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები