გიორგი მამალაძის საქმე

ქარჩავა: საინტერესოა, ე.წ ციანიდის საქმეზე გამოიკვეთება თუ არა სხვა პირთა ბრალეულობა

ImediNews

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას თქმით, საინტერესოა, ე.წ ციანიდის საქმეზე გამოიკვეთება თუ არა სხვა პირთა ბრალეულობა.

"ჩემთვის საინტერესოა და მიმანიშნებელი ერთგვარად პროკურატურის გადაწყვეტილება, ვინაიდან იქ აღნიშნულია, რომ ციანიდი საკმარისი იყო არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანისთვის. ამასთანავე, სისხლის სამართლის ძირითადი საქმისგან გამოიყო საქმე სხვა შესაძლო პირთა ან სხვა დანაშაულის შემადგენლობასთან დაკავშირებით. საინტერესოა, გამოყოფილ საქმეზე გაგრძელდება თუ არა გამოძიება და ხომ არ გამოიკვეთება სხვა პირთა ბრალეულობა" - ამბობს ქარჩავა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება დაასრულა. თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 5 მაისს გაიმართება.

ამასთან, პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს გამოყოფილ საქმეზე და განმარტავს, რომ "არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით მიმდინარეობს რამდენიმე ვერსიაზე მუშაობა, მათ შორის დაგეგმილი შესაძლო დანაშაულის სხვა ობიექტების და ბრალდებულ გ.მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების დადგენის მიზნით".

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მამალაძის ბარგის დათვალიერებისას "ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს". 

ბრალდებულ დეკანოზს პროკურატურამ გუშინ, 26 აპრილს ბრალი დაუმძიმა. უწყების მტკიცებით, "დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადებასთან". სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე პატიმრობას.

გიორგი მამალაძე ბრალდებას უარყოფს. მისი განცხადებით, ციანიდის და გველის შხამის შეძენა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

კომენტარები