კრემლის სპეცსამსახურები

ECFR: ევროპაში კრემლს დაქვემდებარებული რუსული მაფიოზური ჯგუფები მოქმედებენ

sputniknews.com

ანალიტიკური ინსტიტუტი ევროპული საბჭო საერთაშორისო ურთიერთობებზე (ECFR) რუსული მაფიოზური დაჯგუფებების მოქმედების შესახებ მორიგ კვლევას აქვეყნებს.

როგორც ECFR-ი აღნიშნავს, რუსეთსა და დასავლეთს შორის, 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ გაზრდილმა დაძაბულობამ კრემლი აიძულა ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკური გავლენების გასაძლიერებლად ახალი ინსტრუმენტები ეპოვნა. კრემლის ერთ-ერთ მთავარ იარაღად ევროპაში მოქმედი, რუსულად მოსაუბრე, ორგანიზებული კრიმინალური ქსელები გახდა.

რუსულ საგარეო დაზვერვის სპეცსამსახურებსა და რუსეთის უშიშროების სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპაში მოქმედი რუსული კრიმინალური ჯგუფები პირდაპირ იღებენ და ასრულებენ კრემლის დავალებებს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2000 წლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინი მოვიდა რუსეთის ხელისუფლების, უშიშროების სამსახურისა და კრიმინალური სამყაროს ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა.

"კრიმინალებს მშვიდად შეეძლოთ კრიმინალური საქმიანობის გაგრძელება სისტემის მხრიდან ზეწოლის შიშის გარეშე, თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ მათ გააზრებული ექნებოდათ, რომ ქვეყანაში მთავარი კრიმინალური დაჯგუფება თავად ხელისუფლება იყო", - წერია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ევროპაში რუსული მაფია პუტინის რეჟიმის არაერთ დავალებას ასრულებს. მათ შორის, კიბერთავდასხმები, ადამიანებით ან აკრძალული საქონლით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და კრემლის მიერ შეკვეთილ მკვლელობებსაც კი. რუსული კრიმინალური დაჯგუფებები ასევე რუსეთში შემავალი "შავი ფულის" მთავარი წყაროც არის.

რუსული უშიშროების აგენტებისა და კრიმინალების კავშირის ერთ-ერთ მაგალითად, კვლევაში 2010 წელს მომხდარი სკანდალიც არის მოხსენიებული. ამერიკაში ანა ჩაპმანი და რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ათი სხვა ადამიანი გაშიფრეს და ამერიკელ ჯაშუშებში გაცვალეს. აღსანიშნავია, რომ მეთერთმეტე ჯაშუშმა კრისტოფერ მეტსოსმა აშშ-დან გაქცევა მოასწრო, თუმცა შემდეგ მას კვიპროსში მიაგნეს, თუმცა კვიპროსის სასამართლომ მეტსოსს მხოლოდ გირაო შეუფარდა. მეტსოსი ამ ჯაშუშური ქსელის ხელმძღვანელად მიიჩნეოდა. აშშ მიიჩნევდა, რომ ჯაშუშობის გარდა მეტსოსი ადამიანებით ვაჭრობის ქსელშიც იყო ჩართული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსული მაფია ევროპაში არამხოლოდ კრიმინალურ არამედ პოლიტიკურ ძალასაც წარმოადგენს, ისინი ლიდერობენ ტრეფიკინგსა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში. ისინი უკვე წლებია აღარ გხვდებიან ქუჩაში, რუსული მაფია ბევრად უკეთ არის შენიღბული ვიდრე 20 წლის წინ იყო. ერთი შეხედვით, მათ არ აქვთ პირდაპირი კავშირი კრემლთან, თუმცა "დრო და დრო კრემლი მათ ისეთ შეთავაზებებს უკეთებს, რომლებზეც ისინი უარს ვერ ამბობენ".

კომენტარები